ენმ ”ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარს უჭერს

ფრაქცია ”ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ, ,,ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს. ენმ-ის დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, რომ მათი თვითმიზანი ნამდვილად არ არის ეძებონ პრობლემები ტექსტში.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეზოლუციას, ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის ვეძებოთ პრობლემები იმ ტექსტში, თუ რეზოლუციაში სადაც ეს ნამდვილად არ არის. ნამდვილად იყო გათვალისწინებული ჩვენი მნიშვნელოვანი შენიშვნები. რა თქმა უნდა, დეოკუპაციის სათანადოდ ასახვა ზოგადად შენიშვნასაც არ უნდა საჭიროებდეს და ვამჯობინებდი ასეთი ტიპის რეზოლუციის განხილვა მოხდეს არა ბოლო მომენტში, ნაჩქარევად, არამედ იყოს მაქსიმალური ჩართულობა, რომ ეს გზავნილი მკაფიოდ იყოს მისული მოსახლეობამდე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ქაღალდზე ყველაფერი სწორად გვიწერია, თუმცა რეალობაში გვაქვს სერიოზული პრობლემები. ჩვენ მგავსი რეზოლუცია გვქონდა 2013 წელსაც, მაშინაც ერთად ვიმუშავეთ ამ რეზოლუციაზე, თუმცა ამის მიუხედავად, გვქონდა ძალიან სერიოზული გამოწვევები, ფუნდამენტური პრობლემები საგარეო პოლიტიკაში. პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთობაზე და პრაგმატულ მიდგომაზე, არ ვიცი ჩვენ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ გვესმის თუ რაღაცას ვნიღბავთ, მაგრამ პრაგმატული ნიშნავს იმას რომ ჩვენ ამ ურთიერთობაში, როგორც მინიმუმ არ ვზიანდებით და ვაღწევთ ჩვენთვის სასურველ შედეგებს. როგორ დავარქვათ პრაგმატული პოლიტიკა, როდესაც ჩვენ წლებია რუსეთთან ვერიდებით პრინციპულ, ფუნდამენტურ საკითხებზე კრიტიკას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავბლოკეთ და არ გავუშვით სამსჯელოდ სირიის რეზოლუცია, სადაც, როგორც ჩანს, უმრავლესობისთვის პრობლემური იყო ის ნაწილი, სადაც რუსეთის ქმედებების დაგმობა იყო მკაფიო და ხმამაღალი”,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

 

ghn.ge

Comments
Loading...