ერდოღანი – “ISIS”-ის ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი რუსეთის მოქალაქეა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სირიელი ბიზნესმენი რუსეთის მოქალაქეა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ ეს პირი – ჯორჯ ხაშრავი, ვისაც სირიისა და რუსეთის პასპორტები აქვს, არამარტო ISIS-ის ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველია, არამედ სირიის რეჟიმსაც ამარაგებს ნავთობით. „ეს ინფორმაცია აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მოგვაწოდა“, – განმარტა ერდოღანმა.

ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის პირველი პირისა და თავდაცვის სამინისტროს ბრალდების საპასუხოდ გააკეთა. რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ ნავთობს ყიდულობს და სირიაში ტერორისტებთან ბრძოლა ხელს არ აძლევს, თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამის დასადასტურებლად გამოქვეყნებულ ფოტოებზე, სადაც ბენზინმზიდების კოლონა იყო აღბეჭდილი, ერაყელმა ქურთებმა თავიანთი ტრანსპორტი ამოიცნეს და განაცხადეს, რომ ამ კოლონას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არანაირი კავშირი არა აქვს.

აქვე ერდოღანმა დაამატა, რომ ქვეყნის ხელისუფლება უახლოეს პერიოდში წარმოადგენს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ხაშრავის კავშირების დამადასტურებელ მტკიცებულებებს და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მზადაა, გადადგეს, თუკი რეალურად დადასტურდება, რომ თურქეთი ნამდვილად ვაჭრობს ნავთობთ „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით, ISIS-ის „ბოევიკთა“ 30%-ს რუსეთის მოქალაქეობა აქვს, ხოლო 70% რუსული წარმოების იარაღითაა აღჭურვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.