ერეკლე საღლიანი: ირმა ინაშვილი ყოველთვის არის იქ, სადაც ქვეყანას უმძიმს

პოეტი ერეკლე საღლიანი “პატრიოტთა ალიანსის” საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატ ირმა ინაშვილის შესახებ:

„ბავშვობაში უფროსთაგან მსმენია: „ყველაზე საშინელი ტკივილია, ტკივილს რომ ვერ გრძნობ”. თითქოს ჩვენს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ვხატავ ამით. სამწუხაროდ, არ გამართლდა ჩვენი მოლოდინი, კიდევ ერთხელ მოგვიცვა უიმედობამ… არადა, ბევრს არაფერს ვითხოვდით – აღდგენილიყო ქვეყანაში სამართლიანობა… ირმა ინაშვილი ყოველთვის არის იქ, სადაც ქვეყანას უმძიმს. მას თავისი ფეხით აქვს გაზომილი აფხაზეთი და სამაჩაბლო; ლტოლვილებთან ერთად, ზამთრის უმკაცრეს პირობებში, გადმოიარა საკენის უღელტეხილი; შედიოდა იქ, სადაც უსასტიკესი ბრძოლა იყო და იღებდა უნიკალურ კადრებს. განა, მის მიერ მოპოვებული ციხის სადიზმის ამსახველი ფირის გარეშე შევძლებდით კი ნანატრი გამარჯვების მოპოვებას? მაღალ ეშელონებში განთავსებული „ძლიერნი ამა ქვეყნისანი” ამ ფაქტსაც გულდაგულ მალავენ, ვერ ხვდებიან , რომ შუბი ხალთაში არ დაიმალება…

ძვირფასო საგარეჯოელებო! მე მჯერა თქვენი მოუსყიდველი ბუნებისა. გავითვალისწინოთ, თუ როგორ აისახება შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში არჩევნების წინ მიღებული ერთჯერადი დახმარება.

მაინც, რატომ უნდა ავირჩიოთ დეპუტატად ირმა ინაშვილი? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამით თქვენ აირჩევთ ერთ-ერთ თქვენგანს. ირმა იქნება თქვენი მისწრაფებისა და სულისკვეთების პირდაპირი გამომხატველი. გაქრება ის სამანი და მიჯნა, რომელიც იქმნება ამომრჩეველსა და დეპუტტს შორის. მეორე იმიტომ, რომ ეს ქალბატონი იცავს სიმართლეს იქ, სადაც მას თავს ესხმიან. აბა, წუთით მაინც წარმოიდგინეთ, ირმა ინაშვილის მსგავსნი რომ პარლამენტში ყოფილიყვნენ, მიიღებდნენ ასე თამამად იმ კანონებს, ასე რომ აღაშფოთა ყოველი ჩვენგანი? დღევანდელ საკანონმდებლო ინიციატივებს სჭირდება ახალი სისხლი, სისხლი, რომელიც ლაღად იდენს და შელახულ ღირსებას აღგვიდგენს. დღევანდელ პარლამენტს სჭირდება ახალი მუხტი, რომელიც მთლიანად ეროვნული თვითშეგნებით იქნება გაჟღენთილი.

ჩვენ ცხოვრება მოგვიწია რთულ დროში. იმ დროში, სადაც ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. ჩვენ გვიწევს იმ ბეწვის ხიდზე გავლა, რომელიც „სინათლესა და სიბნელეს შორისაა გადებული”. მაშ, გავაკეთოთ უტყუარი არჩევანი! არჩევანი კი ასეთია: ჭაობისებური მდუმარება თუ ძირეული გარდაქმნა ჩვენი სინამდვილისა და ჩვენი ცნობიერებისა.

ირმა ინაშვილი იქნება გარანტი იმისა, რომ დაცული იქნება თქვენი უფლებები და შეუვალობა”, – ამბობს საღლიანი.

Leave A Reply

Your email address will not be published.