“ერის მოღალატეა ის ვინც ამას და მისნაირებს ელოლიავება!!!”- ლუჟკოვის განცხადებას სასულიერო პირები ეხმაურებიან

განცხადებას, რომელიც საქართველოში მომლოცველი-ტურისტის სტატუსით ჩამოსულმა მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა გააკეთა, სოციალურ ქსელში სასულიერო პირები ეხმაურებიან. დეკანოზი ილია ჭიღლაძის თქმით ვინც ლუჟკოვსა და მის მსგავსებს ელოლიავება ერის მოღალატეა:

„აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი სხვა ხალხებია და სხვა ქვეყნებად იყვნენ სჯობსო ეს უსინდისო იმპერიალიატი ლუჟკოვი რომ ამბობს და გვირჩევს ქართველებს ქართულ მიწაზე ჩამოთრეული, განა თათარსტანი, ციმბირის ხალხები, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, ყაბარდო-ჩერქეზ-ადიღები, ბალყარები და ყარაჩაელები, ყალმუხები რუსები არიან და რუსეთის ისტორიული მიწებია??? რატომ არიან, ან უნდა იყვნენ ეს ხალხები და ქვეყნები რუსეთის შემადგენლობაში??? აი, რუსი ვანიას “ფილოსოფია”: თვითონ ათობით ხალხის და ქვეყნის დამპყრობი, ჩვენ ისტორიულ ქართულ მიწებს გვართმევს და თან ჭკუას გვასწავლის… ამაზეა ზედგამოჭრილი სიტყვა- ღ ო რ ი!!! ერის მოღალატეა ის ვინც ამას და მისნაირებს ელოლიავება!!!“- წერს ილია ჭიღლაძე

კრიტიკული განცხადებით გამოდის დეკანოზი თამაზ ლომიძეც, მისი თქმით თუ ქვეყანაში მთავრობა არსებიბს და კანონი კანონობს ლუჟკოვი ქვეყნიდან დაუყოვნებლივ და სამაგალითოდ უნდა იქნეს გაძევებული:

„აი, თავხედი რუსი. დღეს გვეუბნება ამას ”სტუმრად” მყოფი ქართულ მიწაზე: “აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ….ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს.”

თუ მთავრობა არსებობს და კანონი კანონობს საქართველოში, გააძევეთ ქვეყნიდან დაუყოვნებლივ და სამაგალითოდ.“- წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

შეგახსენებთ, საქართველოში მყოფმა მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს.

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...