ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატურა 1 თვის ვადაში იქნება ცნობილი

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურას იგი პარლამენტს ერთი თვის ვადაში წარუდგენს.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საბჭოს კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ტრადიციულად მასში არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები მონაწილეობენ.
„ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარეობს, როგორც უკვე ჩვენს მიერ დადგენილი არის უაღრესად ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელშიც ტრადიციულად აქტიურად ჩართული არის, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე ექსპერტები და ეს პროცესი ფართოდ შუქდება მედიის მიერ. ეს პროცესი დაიწყო რამდენიმე თვის წინ და ახლა უფრო ინტენსიურად განახლდება. ბუნებრივია, თქვენ იქნებით მაქსიმალურად ინფორმირებულები ამ პროცესის შესახებ და დაახლოებით ერთი თვის ფარგლებში მოხდება ახალი კანდიდატურის გამოკვეთა და წარდგენა პარლამენტისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში ეწურება.

Comments
Loading...