“ეს არის განზრახ მკვლელობა, რომელიც დაგეგმილი იყო პოპოვების მიერ”

თბილისის პროკურატურაში 14:00 საათზე რადიო “საქართველოს ხმის” დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას მეუღლე და ადვოკატები აპირებენ მისვლას. ისინი საგამოძიები უწყებისგან მასალების გადმოცემას ელოდებიან.

მათი თქმით, შეხვედრა თბილისის პროკურორის ინიციატივით დაიგეგმა. დაცვის მხარე გუშინ უკვე შეხვდა საქმის ერთ–ერთ მთავარ მოწმეს დავით პოპოვს. ადვოკატების თქმით, ის შეხვედრაზე ფარული ჩამწერი აპარატით მივიდა, რაც მათ დამატებით ეჭვებს უქმნის.

ისინი ვარაუდობენ, პოპოვი უსაფრთხოების სამსახურის აგენტი იყო და შესაძლოა, მათ პროვოცირებასაც ცდილობდა. მას შემდეგ კი რაც მიხვდნენ, რომ ის საუბარს იწერდა, პოპოვმა ადგილი დატოვა, თუმცა როგორც აცხადებენ, წასვლამდე მათ განუცხადა, რომ კუჭავამ თავი მოიკლა.

მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვიდან დაუკავშირდა ბიძინა კუჭავას ნათესავი გოჩა კუჭავა და სთხოვა, ბიძინა კუჭავას დახმარებოდა. სხვა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

ადვოკატ ნათია კორკოტაძის თქმით, პოპოვებს დიდი წვლილი მიუძღვით ბიძინა კუჭავას მკვლელობაში.

„ეს არ იყო თვითმკვლელობა, ეს არის განზრახ მკვლელობა, რომელიც დაგეგმილი იყო პოპოვების და ალბათ, სამართალდამცველი ორგანოების მიერ. მაშინ რატომ მოდის დამონტაჟებული ვიდეოთვალით?“ – აცხადებს ნათია კორკოტაძე.
თბილისის პროკურატურაში მისვლას გეგმავს ასევე ბიძინა კუჭავას ოჯახის მიერ აყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. მისი ჩართვა ექსპერტიზის პროცესში ოჯახმა მოითხოვა, რასაც გამოძიება დათანხმდა.

მისი თქმით, დაზიანებები, რომელიც გარდაცვლილს თავისა და ფეხის არეში აღენიშნება, სახეშეცვლილია და კვლევის დასრულებამდე მას უჭირს დაკონკრეტება, როდის და რა გზით არის მიყენებული ჭრილობები.

„ფეხის თითზე კანი იყო ამოჭრილი, აქედან გამომდინარე, რომ დადგინდეს რა საგნით იყო ეს დაზიანება მიყენებული, უნდა ინახოს ის კანი, რომელიც ამოჭრა ექსპერტმა. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი იმაზე, თუ რით იქნა მიყენებული და როდის“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

Comments
Loading...