„ეს არის ვიღაცის პოლიტიკა – როგორ შეიძლება მორწმუნე მუსლიმანმა, ბავშვი მოკლას?!“

ტერორისტულ ორგანზიაციაში გაერთიანება, ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება – ამ ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სირიიდან საქართველოში დაბრუნებული დავით ბორჩაშვილი დააკავა. ბორჩაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი წელიწადნახევრის წინ სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა. ისინი ვერ აკონკრეტებენ, იმყოფებოდა თუ არა ბორჩაშვილი სირიაშიც. ცნობილია, რომ ბორჩაშვილის დეპორტაცია თურქმა სამართალდამცველებმა განახორცილეს.

რატომ მიდიან მუსლიმი ახლგაზდრები სირიაში, ვინ ან რატომ ახდენს ისლამის რადიკალიზაციას და როდის გაიხსნება ბათუმში მუსლიმთა სასულიერო სასწავლებელი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge საქართველოს მუფტს, ბეგლარ ქამაშიძეს ესაუბრა.

სოციალური ფაქტორი და განათლების დეფიციტი, როგორც ირკვევა ეს არის მთავარი ფაქტორი, რატომაც ახალგაზრდები „ისლამური სახელმწიფოს“ ჯგუფში წევრიანდებიან. სოციალური ფონი რომ გამოვრიცხოთ, რატომ ვერ ანსხვავებენ ერთმანეთისგან მუსლიმი ახლაგაზრდები ტრადიციულ ისლამს და რადიკალიზმს?

მუფტი ბეგლარ ქამაშიძე: პასუხი არ გვაქვს, არც ვიცით მიზეზი, რა აწუხებს ტრადიცული ისლამის მიმდევარებს, რომ ასე უცებ იცვლებიან და ხდებიან რადიკალები. რაც შეეხება მიზეზებს, შესაძლებელია, თქვენს მიერ ჩამოთვლილი საკითხები იყოს ის მთავარი ფაქტორი, რატომაც ახალგაზრდები გადიან საქართველოდან და არა მარტო საქართველოდან, სხვა სახლემწიფოებიდანაც მიდიან სირიაში. ვფიქრობ, მთავარი მიზეზი არის – პოლიტიკური თამაში.

რას გუსლიხმობთ პოლიტიკურ თამაშში?

– ძალოვნებს და ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ საქართველოს ძალოვნებზე, ვგულისხმობ სხვადასხვა ქვეყნის ძალოვნებს, რომლებიც ცდილობენ შექმნან ისეთი პრობლემები, რომელიც საზოგადოებას და საერთოდ მრევლს შეაძულებს ტრადიციულ ისლამს, რომელიც სიყვარულს, მოფერებას, პატივისცემას და ურთიერთდაფასებას ქადაგებს და ცდილობენ მის დაკავშირებას ტერორიზმთან და ხდება მისი რადიკალიზაცია.

ალბათ, გექნებათ ვერსია, რატომ შეიძლება დაინტერესებული იყვნენ ისლამის რადიკალიზაციით?

– დღეს ევროპაში ძალიან ბევრი ადამიანი ღებულობს ისლამს რელიგიად. აქედან გამომდინარე, ევროპაში და არა მარტო ევროპაში, მთელს მსოფლიოში დაიწყო ისეთი პოლიტიკური თამაში, რომელიც აძულებს საზოგადოებას ისლამს. საუკუნეების მანძილზე არსებობდა ისლამი და ასეთი პრობლემები არასდროს არ ყოფილა. ბოლო 10-15 წელია დაიწყეს რადიკალიზაცია, რომელიც გამოიხატება ძალადობაში. ვფიქრობ, რომ ამის უკან დგას ჯგუფი, რომელთა მიზანია რელიგიის შეურაცხყოფა.

ჩვენ ვართ რელიგიის წინამძღვრები და ყველას უნდა ვუქადაქოთ სიყვარულისკენ და სიმშვიდისკენ. ისლამი კრძალავს ყოველგვარ ძალადობას, მით უმეტეს ადამიანის კვლას.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ იმას, რაც მოხდა საფრანგეთში, მაგრამ ჩვენ ასევე ხმა უნდა ამოვიღოთ იმ ფაქტზე, როგორ იხოცებიან სირიაში ბავშვები, უდანაშაულო ადამიანები იხრჩობიან ზღვაში. ამ ძალადობის წინააღმდეგაც უნდა შეიკრას მსოფლიო და ერთად უნდა მოვუღოთ ბოლო ამ სისხლისღვრას.

სამწუხაროდ, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ისლამისტმა მოკლა, მუსილიმანმა მოკლა… არა ჩემო კარგებო, ასე არ არის. თუ ჩვენ ვართ ტოლერანტები, მაშინ ხმა უნდა ავიმაღლოთ იმ უდანაშაულო ბავშვებზე, რომელთა გვამებიც ზღვამ გამორიყა. ერთად უნდა ვუშველოთ იმ უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე წელია იხოცებიან. აუცილებელია მთელი მსოფლიო დადგეს ერთად და ერთად ვთქვათ – შეჩერდი.

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ამ რადიკალების შეჩერება? თქვენ ხედავათ, რომ ისინი არ ინდობენ როგორც ბავშვებს, ასევე ქალაქებს, მოხუცებს, ხოცავენ ყველას…

– ძალიან გავნიცდი, როცა ამბობთ, რომ ისინი არ ინდობენ ბავშვებს და ქალებს. საუბრის დასაწყისში გითხარით, რომ ეს არის ვიღაცის პოლიტიკა. როგორ შეიძლება მორწმუნე მუსლიმანმა, ღვთის მოშიშმა ადამიანმა ბავშვი მოკლას?! ეს წარმოუდგენელია, ფსიქოლოგიას მირღვევს. კიდევ ერთხელ გეუბნებით ვიღაცეები ისლამის შესაძულებლად ადამაიანებს ბავშვებს და ქალებს აკვლევინებენ. რა მნიშვნელობა აქვს ვის ან სად კლავენ, 2008 წლის ომში არ დაიღუპა ჩვენი მოქალაქეები? მაშინაც ისე მტკიოდა, როგორც დღეს მტკივა. ეს ჩვენი ერის ტრაგეტიაა, რა მნიშვნელობა აქვს ქრისტიანია თუ მუსლიმია.

იმისათვის, რომ შეწყდეს ეს ძალადობა, აუცილებელია ახალგაზრდებს მივცეთ შესაბამისი განათლება. უნდა ვასწავლოთ ჩვენს ახალგაზრდებს და ღიად უნდა ვისაუბროთ მრევლში იმაზე, რა არის ისლამი, რა არის ყურანი, რას ბრძანებს შუამავალი. საზოგადოებაში უკვე არის ისლამის შიში, ეშინიათ მუსლიმის. ეს გააკეთეს იმ ბოროტმოქმედებმა, რომლებიც ცდილობენ შეურაცხყონ ისლამის და ყურანის სახელი.

ერთ–ერთი ვერსიით მუსლიმი ახალგაზრდების რადიკალიზაცია ასევე ხდება ახლო აღმოსავლეთში არსებულ სხვადასხვა სასწავლებლებში. ამ ახალგაზრდებს შორის არიან პანკისელი ქისტები, გაცილებით მეტი არიან აჭარლები და ასევე წალკის რაიონიდან. მართალია ვერავის ვერ აუკრძალავ სასწავლებლად წასვლას, მაგრამ რას ვიღებთ შდეგად?

– სწორედ ამისათვის არის საჭირო მუშაობა. ბათუმში უკვე გადმოგვეცა შენობა, სადაც უნდა გაიხსნას რელიგიური სასაწავლებელი. ასეთი სასაწვლები გაიხსენება არა მარტო ბათუმში, არამედ თბილისშიც.

რელიგიური სასწავლების გახსნა იქნება შემაკავებელი პროცესი ახალგაზრდებისთვის, რომ სასწავლებლად არ გაემგაზვრონ ახლო აღმოსავლეთში და იქიდან არ შეუერთდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებს?

– რა თქმა უნდა. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და სახელმწიფოსთან ერთად ვზრუნავთ, რომ გავხსნათ სასაწავლებელი და ეს პროცესები შევაჩეროთ. ჩვენ თვითონ ვიყოთ ჩვენი ახალგაზრდების მასწავლებლები, ჩვენ თვითონ ვასწავლოთ ქვეყნის და ისლამის კულტურა.

როდის გაიხსნება ბათუმში რელიგიური სასწავლებელი?

– ერთი თვეა რაც შენობა გადმოგვეცა, ახლა ვმუშაობთ მის რესტავრაციაზე. რაც შეიძლება მალე გვინდა დავიწყოთ მუშაობა, რომ ადგილზე აღვზარდოთ ჩვენი ახლაგაზრდობა, ადგილზე მოხდეს მათთვის განათლების მიღება. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ წავიდნენ ისეთ ქვეყნებში სასწავლებლად, სადაც შესაძლებელია ეს ახალგაზრდები გახდნენ რადიკალები. როგორც გითხარით, ჩვენთან ერთად ამ საკითხების მოგვარებაზე მუშაობს სახელმწიფოც. ვაპირებთ გავაკეთოთ ისლამის თეოლოგიური ფაკულტეტი.

ვფიქრობ, რომ საჭიროა, თვეში ერთხელ ტელევიზიით რელიგიური საათის გამოყოფა, რომ ჩვენმა თეოლოგებმა მრევლს აუხსნას რას ნიშნავს ტრადიცული ისლამი, მოხდეს ყურანის ციტატების განმარტებების გადმოცემა. მე ვუყურებ ადამიანს, ვხედავ, რომ ის არის მორწმუნე, მაგრამ ვისთან და რა კონტაქტები აქვს, ამას მე ვერ შევამოწმებ, ეს უკვე სახელმწიფოს ვალდებულებაა.

ისლამის რელიგიის მიმდევარი ყველაზე სამაგალითო ადამიანი უნდა იყოს, მსოფლიოს მაგალითი უნდა მისცეს და არა ის, რომ მთელი მსოფლიო დააყენოს ფეხზე. შუამავალი არასდროს არ ქადაქგენდა იმას, რომ ადამიანმა ადამიანი გაანადგუროს. ვერ წარმოვიდგენ ყურანის მკითხველი ადამიანი აფეთქებდეს სხვა ადამიანს და თავს იფეთქებდეს. ისლამში თავის მოკვლა არ არის მიღებული. ამიტომ არ მაქვს პასუხი თქვენს კითხვაზე, რატომ მიდიან სირიაში.

რას აკეთებთ საქართველოში მცხოვრები მუსლიმთა სულიერი ლიდერები იმისათვის, რომ თქვენი მრევლი არ გახდეს რადიკალი, არ შეუერთდნენ ტერორისტულ დაჯგუფებებს?

– ვმუშაობთ, ვქადაქებთ, სახლებშიც დავდივართ. გარდა ამისა, არის რელიგიური დღესასწაულები, სადაც ასევე ვქადაგებთ. საუკუნეების მანძილზე არსებობდნენ საქართველოში ტრადიცული ისლამის მიმდევრები, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა პრობლემები. 10-15 წლის უკან დაიწყო ისლამოფობიაზე მუშაობა. შეცდომაში შეჰყავთ ბავშვები და ახალგაზრდები.

ბათუმის მკვიდრის ჭაღალიძეს მიმართვა გექნებათ ნანახი, ის ემუქრება საქართველოს საპატრიაქროს, ემუქრება ქრისტიანებს. რას იტყვით ამაზე?

– ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. ღმერთმა გამოასწოროს და ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს. ყველა გვაშოროს ასეთი ცოდვებისგან. ღმერთს ვთხოვ, რომ მშვიდობა იყოს მთელს მსოფლიოში და პირველ რიგში – ჩვენს საქართველოში.

უმძიმესი ბრალდებით არის დაკავებული პანკისელი მუფტი, რომელსაც ბრალად ედება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდასაჭერად პანკისის ხეობიდან ახლაგაზრდების გაყვანა. ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ხშირად გაყვანის პროცესს კურირებს მუფტი. სულიერი ლიდერის მხრიდან ეს არ არის დანაშაული?

– მუფტის მხრიდან ყველა მიუღებელია ვინც რელიგიურ გზას გადასცდება. ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ სიყვარულისთვის და სიმშვიდისკენ ვიყოთ მოწოდებული. იცით, რაც არ უნდა გაბრაზებული ყოფილიყო მუჰამედ შუამავალი ურწმუნოებზე, მათ არ დაწყევლიდა, პირიქით, მათთვის ლოცვას აღავლებნა და ღმერთს სთხოვდა, ესენი გამოასწორე და ჭეშმარიტ გზაზე დააყენეო. გეკითხებით, ასეთი შუამავლის უკან მყოფი ადამიანები, როგორ შეიძლება რადიკალები იყვნენ?!

ყურანში ღმერთი ბრძანებს, თუ ადამიანმა, ადამიანი შეგნებულად მოკლა, მას მთლიანი კაცობრიობის მკვლელობა ეწერება ცოდვად. აქედან გამომდინარეც ჩანს, რომ ისლამი არ არის მოძალადე, თუ ადამიანები აშავებენ, ეს არ უნდა მივაწეროთ ისლამს, ყურანს და რელიგიას. არც ერთი ადამიანის დანაშაული არ უნდა მიეწეროს მათ ღვთიურ წიგნს. ჩვენ ღმერთს ვთხოვთ, რომ ისინი, ვინც არასწორ გზაზე არიან, გამოასწოროს და ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს.

for.ge
თამთა ქარჩავა

Comments
Loading...