“ესენი არიან პირები, რომელთა მეშვეობით “ნაცმოძრაობა” დესტაბილიზაციის შემოტანას ცდილობს”

“თავისუფალი თაობის” წევრის, ბექა ცხადაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის“ და „პარტიზანი გოგოების“ მეშვეობით ცდილობს დესტაბილიზაციის შექმნას.

როგორც ცხადაძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, წმინდანთა და სასულიერო პირთა კარიკატურების გავრცელების ფაქტებსა და ფემინისტურ/ლგბტ დამცველ გაერთიანებებთან გარკვეული კავშირი არსებობს.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2 ფემინისტური გაერთიანებაა “პარტიზანი გოგოები“ და „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“. 2012 წლის 12 ივლისს “ფეისბუქ” გვერდზე „პარტიზანი გოგოები“ გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ასახული საქართველოს რუკა სიმბოლურად წარმოადგენს საქალწულე აპკს. აღნიშნული სიმბოლიკა კვლავ გამოჩნდა 2013 წლის 31 ივლისს, ამჯერად „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ მიერ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გამართულ აქციაზე, რაც ცხადყოფს კავშირს „ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფს“ და „პარტიზან გოგოებს“ შორის. ასევე, საინიციატივო ჯგუფ „პარტიზანი გოგოების“ “ფეისბუქ” გვერდზე 2012 წლის 23 მაისს გამოქვეყნდა მეუფე იაკობის ფოტო, რომელზეც მეუფე ასახულია „ლგბტ“ ქუდით. ამავე გვერდის მეშვეობით, 2013 წლის 6 მაისს გავრცელდა სრულიად საქართველოს წმინდა სინოდის ფოტო სათაურით „დააფეხმძიმე“. გარდა ამისა, „პარტიზანი გოგოების“ “ფეისბუქ” გვერდზე 2014 წლის 14 იანვარს გამოქვეყნდა ვიდეო რგოლი სათაურით „ეპისტოლედან ეპისტოლემდე“, რომელიც იუმორისტულად წარმოაჩენს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს.
2013 წლის 20 ივნისს „ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის“ “ფეისბუქ” გვერდზე კი გავრცელდა ფემინისტი მხატვრის, ლია უკლებას ფოტო, რომლის უკანა პლანზე ასახულია ღვთისმშობლის კარიკატურა, კერძოდ, თვითმკვლელი ღვთისმშობელი. ამავე პირის მიერ გავრცელდა ნახატი, რომელზეც ასახულია სასულიერო პირისა და პოლიციელის „ტანგო“. 2012 წლის 11 სექტემბერს, ქაშვეთის ტაძრის კედელზე, მომლოცველებს დახვდათ ფემინისტური კარიკატურა, კერძოდ, გაშარჟებული წმინდა ნინოს ხატი წარწერით „free pussy riot”.

2013 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან, მოქალაქეთა ჯგუფმა პირბადეებით გამართა ე.წ.“დეზინფექციის აქცია“. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აქციის ამსახველი ვიდეო მასალის ხმის ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, ადვილად შეიძლება „ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან“ დაახლოებული პირის, თინა ბილიხოძის ხმის იდენტიფიკაცია. ესენი არიან პირები, რომელთა მეშვეობით, ჩვენი აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დესტაბილიზაციის შემოტანას, რათა ყველაფრის გადაბრალება მოხდეს მრევლის მიმართულებით. მსგავსი მასალის გავრცელებით, ასევე, აქტიურად გამოირჩევა „chiti.ge”-ს ერთ-ერთი ჟურნალისტი დაჯი ჯინჭარაძე“, – აღნიშნა ბექა ცხადაძემ.

Comments
Loading...