ესპანეთში კრიმინალურ გარჩევას ორი ქართველი ემსხვერპლა

ახალი წლის ღამეს ქ. ტერასაში, საკუთარ სახლში გელა გალიშვილი და გოჩა კაკალაშვილი ქართველებმა მოკლეს. ცნობილი გახდა ისიც, რომ გარდაცვლილები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების, ძმების – კახა შუშანაშვილის, იგივე „კახა რუსთავსკის“ და ლაშა შუშანაშვილის ახლობლები არიან. ესპანეთში მცხოვრები ქართველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება.
როგორც ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა განუცხადა, მოკლული გოჩა კაკალაშვილი რუსთავიდან იყო, გელა გალიშვილი კი თბილისიდან. მისივე ინფორმაციით, გალიშვილი და კაკალაშვილი ესპანეთში რამდენიმე წელია ცხოვრობენ.
კატალონიაში საქართველოს ორი მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიცია ოფიციალურად ადასტურებს. როგორც უწყებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მათივე თქმით, ესპანელ სამართალდამცველებთან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთის სამეფოში. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ახალი წლის ღამეს ორი ქართველი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაული ქ. ტერასაში, ბარსელონის გარეუბანში მოხდა. მედიის ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო. გარდაცვლილებს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები თავის არეში აღენიშნებოდათ. ორი ქართველის მკვლელობა იმ ბინაში მოხდა, სადაც მათ გარდა კიდევ სამი ქართველი ცხოვრობდა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები, სროლის შემდეგ აივნიდან გადახტნენ და მიიმალნენ. პოლიციამ ისინი უკვე დააკავა. ადგილობრივი პოლიცია კიდევ ერთ პირს ეძებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.