ეუთო-ს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველად გაკეთდა განცხადება კონფლიქტის თემაზე, რომელიც მინისტერიალის დოკუმენტთა პაკეტში შევა.


მეგობარი ქვეყნები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
აღნიშნულ განცხადებაში მეგობარი ქვეყნები გამოთქვამენ მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი, გაერო-ს ქარტიაზე, ჰელსინკის დასკვნით აქტზე, საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება, განსაკუთრებით გამოყოფილია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია.
განცხადებაში აღნიშნულია პროგრესის საჭიროება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარ თემებზე, კერძოდ, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბება და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება.
საქართველოს მეგობარი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

“მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც მნიშვნელოვან ფორმატს, რომლის ფარგლებშიც ხდება 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების განხილვა. ხაზს ვუსვამთ დისკუსიების მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას, მათ შორის, ძალის არგამოყენების, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების იმ საერთაშორისო მექანიზმების შექმნის შესახებ, რომლებიც მიმართულია ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელშესაწყობად.

მივესალმებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეფექტიან საქმიანობას და მის კონტრიბუციას ადგილზე დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს სადამკვირვებლო მისიის ხელმისაწვდომობა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ჩვენ ასევე მივესალმებით გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის აღდგენას და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებს, რომლებიც ხელს უწყობს ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებას.
შეშფოთებულები ვართ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციით.
ჩვენ ვგმობთ გადაადგილების თავისუფლების, საცხოვრებელი, საკუთრების, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების უხეშ დარღვევებს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების, მათ შორის, მავთულხლართების გავლება უფრო მეტად ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების ხელმისაწვდომობა.
ჩვენ მოვუწოდებთ ეუთო-ს, მეტად ჩაერთოს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში და მხარს ვუჭერთ ნდობის აღდგენის მექანიზმების განხორციელებას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და მათი ნდობის აღსადგენად.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს, მიაღწიონ შეთანხმებას საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღსადგენად, განსაკუთრებით, მშვიდობიანი მოსახლეობის სასარგებლოდ. აღნიშნულ მისიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შეუფერხებლად განახორციელოს მონიტორინგი. მისია მნიშვნელოვნად გააძლიერებს ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების საქმიანობაში და ნდობის აღდგენის მექანიზმების განხორციელებაში. საქართველოს მეგობარი ქვეყნები გამოხატავენ მზაობას, განაგრძონ მუშაობა ეუთო-სთან და საქართველოს ხელისუფლებასთან იმისთვის, შეიქმნას ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სახის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს კონტაქტებს”, – აღნიშნულია ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.