ეუთო-ში რუსეთის ელჩმა მითხრა, რომ მე და ჩემი მეუღლე რუსეთისთვის სერიოზული პრობლემა ვართ

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ეუთო-ში რუსეთის ელჩმა პირდაპირ უთხრა, რომ ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციაზე ხშირად საუბრობს, რაც მას ძალიან აწუხებს.

როგორც მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რუსეთის ელჩისგან ისიც მოისმინა, რომ ის და მისი მეუღლე დღეს რუსეთისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

„გასულ კვირას ეუთო-ში ვიყავი და რუსეთის ელჩმა სრულიად პირდაპირ, 56 ელჩის თანდასწრებით, ძალიან მარტივი რამეები მითხრა. მან თქვა, რომ მე ძალიან ხშირად ვსაუბრობ ნატო-ში ინტეგრაციაზე და ეს მას აწუხებს. თქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ ძალიან სერიოზული პრობლემა რუსეთისთვის დღეს. ეს მან ღიად თქვა სხდომაზე, იმიტომ რომ ძალიან გამოკვეთილია ჩვენი ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება და რომ ეს რუსეთისთვის არ არის მისაღები“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეუთო-ში რუსეთის ელჩმა ისიც თქვა, რომ საქართველოში ხელისუფლება იმ ორიენტაციის სასარგებლოდ შეიცვლება, რომელიც მათ უნდათ.

„მან თქვა, რომ ოქტომბრის შემდეგ არ ვიქნები ხელისუფლებაში იმიტომ, რომ მან ზუსტად იცის, რომ რუსეთის სწორი და ჭკვიანური მოქმედებების გამო, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება იმ ორიენტაციის სასარგებლოდ, რომელიც მათ უნდათ. გასაგებია, რომ ვიღაცას მეტი ინტელექტი აქვს და ვიღაცას ნაკლები. ვიღაც ახერხებს ისე შეფარულად თქვას სათქმელი, რომ ხელი პირდაპირ ვერ დაადო, და ვერ უთხრა რომ რუსი ხარო. ვიღაცა კი ამას ვერ ახერხებს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

Comments
Loading...