„ევროკავშირი შესაძლოა, ნატომ ჩაანაცვლოს“

დიდ ბრიტანეთს უნდა ჰქონდეს უფლება, არ შეასრულოს მისთვის მიუღებელი ევროდირექტივები“, – ეს ევროკავშირიდან გასვლის მოსურნე ბრიტანელების მოთხოვნის ძირითადი პუნქტია.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, იმ ფონზე, როცა ბრიტანელთა უმრავლესობა მხარს უჭერს გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებას, სრულიად განსხვავებულ პოზიციას ამჟღავნებენ ბრიტანული მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები. საქმე ისაა, რომ ბრიტანეთის მსხვილი კომპანიების ნახევარი ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მომხრეა.

გამოცემა Financial Times-ი ადასტურებს, რომ 100 ყველაზე მსხვილი კომპანიის ლიდერები დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლას ეწინააღმდეგებიან და 23 თებერვალს ერთობლივი წერილის გავრცელებას აპირებენ, რომელშიც აღნიშნავენ, რომ დიდი ბრიტანეთი „უფრო ძლიერი, დაცული და აყვავებული“ იქნება რეფორმირებულ ევროკავშირში. აღნიშნულ კომპანიებს შორის არის ნავთობკომპანიები Shell, BP და Vodafone.

რას ნიშნავს ბრიტანული მსხვილი კომპანიების მოთხოვნა და მოახერხებენ თუ არა ისინი მომხრეთა გადაბირებას ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის თვალსაზრისით?

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მსხვილი კომპანიების მოთხოვნამ შესაძლოა, ამ ეტაპზე გადასძალოს, თუმცა საბოლოოდ, უკვე აშკარად ჩანს, რომ დიდი ბრიტანეთი არ წარმოადგენს ევროკავშირის გრძელვადიან წევრს.

„რასაკვირველია, ბრიტანულ მსხვილ კომპანიებს სურთ ევროკავშირში დარჩენა, რადგან მათ არ ხვდებათ წინააღმდეგობა, მათ გააჩნიათ ერთიანი ბაზარი და ერთიანი თამაშის წესები. ბუნებრივია, ბრიტანული ბიზნესისთვის ფართო სივრცე გაცილებით მომგებიანია, ვიდრე მხოლოდ ბრიტანეთის საკმაოდ შეზღუდული არეალი. ზოგადად, მდგომარეობა ძალზე არასახარბიელოა, ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან ამ კავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება. ბრიტანეთი მაინც უფრო ამერიკის პარტნიორია, ვიდრე- ევროკავშირის. ამიტომაც ევროკავშირი ყველა დათმობაზე წავიდა, რაც კი მოითხოვა ბრიტანეთმა. ქემერონმა ბოლო შეხვედრაზე იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე მოელოდა. შეიძლება, ამ ფაქტმა დადებითად იმოქმედოს და ამ ეტაპზე ბრიტანეთი არ გავიდეს ევროკავშირიდან, თუმცა, ეს მხოლოდ დროის ფაქტორია, საბოლოო ჯამში, ბრიტანეთი აუცილებლად დაასრულებს ევროკავშირში ფორმალურ ყოფნას“,-აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.

ექსპერტი განმარტავს, რომ მძლავრ ქვეყნებს, მათ შორის, დიდ ბრიტანეთს, საკუთარი გადამხდელების ხარჯზე ღარიბი ქვეყნების შენახვა მობეზრდათ. ამას ემატება ევროკავშირის საშინლად ბიუროკრატიული სისტემა, მიგრანტების კრიზისის გამო კი ევროკავშირი ვერ მოძებნის გამოსავალს. მით უმეტეს, რომ ევროკავშირმა ვერ მიიღო კონსტიტუცია და მისი უზარმაზარი წარმონაქმნი ერთიანი მმართველობის, ანუ კონსტიტუციის გარეშე წარიმართება. ამდენად, ევროკავშირის მოუქნელი, უზარმაზარი სხეული პოლიტიკურ ჯუჯად არის ქცეული და მთლიანად დაქვემდებარებულია შეერთებული შტატების პოლიტიკის გავლენაზე, რაც ნეგატიურად აისახება ამ უპერსპექტივო წარმონაქმნზე.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროკავშირს რღვევის საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ პროცესები თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ევროკავშირი ჩაანაცვლოს ნატომ, თანაც-ჩაანაცვლოს სრულფასოვნად.

„სხვათა შორის, სულ ახლახანს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ასეთი შეფასება გააკეთა: ევროკავშირმა თავისი თავი ამოწურა და საჭიროა, მისი სხვა ფორმატში, ნატოს ფორმატში გადასვლა, რადგან ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ბლოკიო. ანუ ლაპარაკი არის არა მარტო იმაზე, დარჩეს თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირში, ლაპარაკია უფრო ძლიერი ფორმატის შექმნაზე. მოგეხსენებათ, რომ ნატოს წევრი არის კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები და უნდა შეიქმნას უფრო მსხვილი და უფრო ძლიერი ერთობა. ყოველ შემთხვევაში, ქემერონის ეს განცხადება ამის საშულებას იძლევა. გარდა ამისა, არის მეორე მნიშვნელოვანი საკითხიც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი ბრიტანეთი ყოველთვის უფრო რადიკალურად იყო განწყობილი საბჭოთა კავშირის მიმართ, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნები. მაგალითად, საფრანგეთი ყოველთვის თანამშრომლობდა საბჭოთა კავშირთან. გერმანია თავისი მდგომარეობის გამო ორად იყო გაყოფილი და იძულებული იყო მანევრირება განეხორციელებინა, ბრიტანეთი კი გაცილებით რადიკალური იყო. ბრიტანეთი თავს მიიჩნევდა დასავლური სივრცის ლიდერად (ამერიკის გამოკლებით). დღეს, როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა. 90-იანი წლების შემდეგ გერმანიამ შეძლო ის, რაც ვერ გააკეთა ჰიტლერმა – გერმანია, ფაქტობრივად, ხდება კონტინენტური ევროპის ლიდერი, რაც, გარკვეულწილად, საფრთხეს უქმნის ინგლისის არსებობას. ამიტომაც ინგლისი ცდილობს, შეინარჩუნოს ზეგავლენა და თავისი როლი გააძლიეროს ევროპაში“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება ბრიტანული მსხვილი კომპანიების სურვილს ევროკავშირში დარჩენის თაობაზე, პოლიტოლოგი თვლის, რომ საეჭვოა, ასე კონტრასტულად იყოს დაყოფილი ბრიტანული საზოგადოება. თუმცა იმ ფაქტს, რომ ბრიტანული უმსხვილესი კომპანიები ევროკავშირში დარჩენას მოითხოვენ, ბრიტანული საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა მოჰყვება.

წყარო: for.ge
მანანა ნოზაძე

Comments
Loading...