ევროპა ანომალიურ ყინვას ებრძვის, პოლონეთში ყინვებმა 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ევროპის ქვეყნებში ანომალიურად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ყინვების გამო სხვადასხვა ქვეყანაში 20 ადამიანზე მეტი დაიღუპა. მათ შორის მიგრანტები და უსახლკაროებიც არიან.

“ბიბისი”-ს ცნობით, ყინვებს მხოლოდ პოლონეთში 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იქ ტემპერატურა მინუს 14 გრადუსამდე დაეშვა, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში კი მინუს 20 გრადუსი დაფიქსირდა.

ძლიერ თოვლთან გამკლავებას ცდილობენ სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ იტალიაში, სადაც უამინდობას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გერმანიის სამხრეთ ნაწილის მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა მინუს 26 გრადუსამდე დაეცა, ცენტრალური გზატკეცილების უმეტესი ნაწილი ლიპყინულითაა დაფარული.

ჩეხეთის ხელისუფლების განმარტებით, გასული ღამე ზამთრის დადგომის შემდეგ პრაღისთვის ყველაზე ცივი აღმოჩნდა. ყინვის გამო იქ სამი ადამიანი დაიღუპა.

მსხვერპლი არის ბულგარეთში, სადაც ყინვას 3 თავშესაფრის მაძიებლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტამბოლში 40 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდა. უკანასკნელ დღეებში უამინდობის გამო თურქეთის რამდენიმე აეროპორტში ფრენები გაუქმდა.
მოსკოვში ანომალიური საშობაო ყინვა დაფიქსირდა და ტემპერატურა მინუს 30 გრადუსს გასცდა. მეტეოროლოგების განმარტებით ეს რუსეთის ისტორიაში უკანასკნელი 120 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ზამთარია, თუმცა აღნიშნული პროგნოზი მხოლოდ რუსეთზე არ ვრცელდება.

წყარო: allnews.ge
Leave A Reply

Your email address will not be published.