ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე, ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული რეგულაცია დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 485-მა დეპუტატმა დაუჭირა, 132 მის წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 29 დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
„შეჩერების მექანიზმზე“ კომპრომისულ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 7 დეკემბერს მიაღწიეს. განახლებული რეგულაციის მთავარი მიზანი უკვე არსებული „შეჩერების მექანიზმის“ გაძლიერებაა.
შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საჭიროების შემთხვევაში, ჭარბ მიგრაციულ ნაკადებს შეაჩერებს. იგი სავიზო ლიბერალიზაციის წინაპირობაა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, ევროკომისიას მოთხოვოს, უვიზო მიმოსვლა დროებით შეაჩეროს იმ ქვეყნისთვის, საიდანაც მკვეთრად გაიზრდება არალეგალი მიგრანტების რაოდენობა; გაიზრდება თავშესაფრის მოთხოვნები; თუ საქართველო არ ითანამშრომლებს მიგრანტების უკან დაბრუნებაზე.
ამასთან, იმოქმედებს მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებს, რომ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს კვლავ აკმაყოფილებს.
არსებული ინფორმაციით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სავარაუდოდ, იანვარში უყრიან კენჭს. პლენარული სესია 16-19 იანვარს გაიმართება.
ევროპარლამენტარები ვარაუდობენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას მომავალი წლის აპრილიდან შეძლებენ.