Facebook-ის 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის ექაუნთს საფრთხე შეექმნა

კომპანია Facebook-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სოცქსელს უსაფრთხოების თვალსაზრისით შეექმნა პრობლემები, რაც დაახლოებით 50 მილიონი მომხმარებლის ექაუნთს შეეხო. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

სოცქსელმა პრობლემა ამ კვირაში აღმოაჩინა. ბოროტმოქმედებმა ისარგებლეს „ფეისბუკის“ კოდში არსებული მოწყვლადობით, რითაც მიიღეს მომხმარებლების ანგარიშებზე წვდომა. საქმე ეხება ფუნქციას View As, რომელსაც ხარვეზი გააჩნდა. ჰაკერებმა შეძლეს წვდომის იმ გასაღების მოპარვა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სოცქსელის ყოველ ჯერზე გამოყენებისას პაროლი და „შესვლა“ (Log In) არ დასჭირდეს. ამ გასაღებების საშუალებით ჰაკერებმა ექაუნთებზე კონტროლი მოიპოვეს. კომპანია აცხადებს, რომ ხარვეზი აღმოფხვრა, თუმცა რა დროში, ამას არ აკონკრეტებს.

Facebook-ში ჯერჯერობით არ იციან, მოიპარეს თუ არა ჰაკერებმა საბოლოო ჯამში მონაცემები. უსაფრთხოების მიზნით სოცქსელმა შეცვალა 90 მილიონი მომხმარებლის ექაუნთზე წვდომის კოდი, რის გამოც პარასკევს მომხარებლების დიდ ნაწილს ქსელში „შესვლა“ (Log In) ხელახლა დასჭირდა. პაროლის შეცვლა საჭირო არ არის, – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ მომენტისთვის არ იციან ვინ დგას ამ თავდასხმის უკან და საიდან განხორციელდა შეტევა. მათ ინციდენტის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინეს.

2018 წელს ცნობილი გახდა, რომ „ფეისბუკის“ ათობით მილიონი მომხმარებლის მონაცემზე უკანონოდ მოიპოვა წვდომა კომპანია Cambridge Analytica-მ, რომელიც პოლიტიკური რეკლამის მიმართულებით საქმიანობდა, მათ შორის დონალდ ტრამპისთვისაც. ამის შემდეგ Facebook-მა მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოებაზე კონტროლი გაამკაცრა.

imedinews.ge

Comments
Loading...