Fleetwood Mac-ის დამფუძნებელი, პიტერ გრინი გარდაიცვალა

მსოფლიოში ცნობილი ბრიტანულ-ამერიკული როკჯგუფის Fleetwood Mac-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ცნობილი გიტარისტი, პიტერ გრინი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსის ოჯახის წევრებმა 25 ივლისს გაავრცელეს:

“პიტერ გრინის ოჯახი დიდი მწუხარებით გაუწყებთ, რომ ის დღეს ძილში მშვიდად გარდაიცვალა. დამატებით ინფორმაციას მომდევნო დღეებში გავავრცელებთ”.

პიტერ გრინმა Fleetwood Mac ლონდონში 1967 წელს დააარსა დრამერ მიკ ფლიტვუდთან ერთად. ბენდის კარიერის პირველ წლებში ჯგუფს ხშირად “პიტერ გრინის Fleetwood Mac-ად” მოიხსენიებდნენ.

გრინმა ჯგუფი მალევე, 1970 წელს დატოვა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო: მას მოულოდნელად შიზოფრენია დაუდგინდა და გარკვეული პერიოდი მკურნალობაში გაატარა.

მუსიკოსის გარდაცვალებას გამოეხმაურა Fleetwood Mac-ის ვოკალისტი სტივი ნიქსი:

“ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ მასთან ერთად სცენაზე ყოფნის შანსი არ მომეცა. არადა ყოველთვის ვიმედოვნებდი, რომ ეს მოხდებოდა. როცა პირველად მოვუსმინე Fleetwood Mac-ს, გიტარაზე მისი შესრულებით მოვიხიბლე. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ ბენდში მოხვედრა მინდოდა”, — წერს სტივი ნიქსი.

Fleetwood Mac-მა სადებიუტო ალბომი 1968 წელს გამოუშვა და მალევე მოიპოვა დიდი პოპულარობა: 120 მილიონზე მეტი გაყიდვით ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდად ითვლება.

პიტერ გრინი კი Rolling Stone-მა ყველა დროის 100 ყველაზე დიდებულ გიტარისტს შორის 58-ე ადგილზე დაასახელა.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...