ჟურნალი Forbes-ი ბიზნესის წარმოებისთვის საუკეთესო ქვეყნების ყოველწლიურ ჩამონათვალს აქვეყნებს.
აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, საქართველო ბიზნესგარემოს თვალსაზრისით, მსოფლიოს 139 ქვეყანას შორის 43-ე ადგილზეა. 2013 წელთან შედარებით, ქვეყანა ოთხი ადგილით დაწინაურდა.
საქართველო აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა და ამასთან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და თურქეთს შორის ლიდერია.
გამომცემლობის შეფასებით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ჰიდრო რესურსები, რომლებსაც იგი საკუთარი ენერგომოთხოვნის თითქმის სრულად დასაკმაყოფილებლად იყენებს. საქართველომ ასევე, არსებითად შეამცირა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი აზერბაიჯანიდან იმპორტით ჩაანაცვლა.
ყოველწლიურ რეიტინგში ნახსნებია, რომ 2012 წლიდან საქართველოს ხელისფლებამ ლიბერალური და თავისუფალ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკა განაგრძო. ამასთან, გაზარდა სოციალური დანახარჯები, ხოლო შრომის კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვა.
გამცოემის თანახმად, 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირთან ქვეყნის ინტეგრაციას მნიშვნელოვნად გააღრმავებს და თავისუფალ სავიზო მიმოსვლას საფუძველს ჩაუყრის.