გა-თხოვება, გამო-თხოვება და ქალი, როგორც დეკორაცია

თბილისის ერთ-ერთ ბლოგზე საინტერესო სტატიას წავაწყდით,

“გა-თხოვება, გამო-თხოვება და ქალი, როგორც დეკორაცია”

ვიცოდი, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა და ბევრ “ჩამოსხმა” ქართველს დავწყვეტდი გულს. ალბათ იტყვიან – ეხ, რა გოგო დავკარგეთო, მაგრამ ახლა ეს ტრაფარეტული ფრაზები აღარავის აინტერესებს. პრობლემა რეაგირებას მოითხოვს. მე, “სუსტი სქესის” რიგითი წარმომადგენელი თითოეულ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდები ჩაგვრას სახელად – “გოგო ხარ და არ გიხდება”. ალბათ არსებობს განსხვავებები, რაშიც საპირისპირო სქესის წარმომადგენლები აუცილებლად გამოცდიან თავს, თუმცა ის ფსიქოლოგიური კოდი, რასაც გოგონას აზროვნების ოთხკუხედში ფორმირება ჰქვია, რეალურ რეაგირებასაა მოკლებული. მინდა დეტალურად გავიარო გოგოსა და ბიჭის აღზრდის სხვადასხვა ეტაპები, რათა ჩემი თვალით დაგანახოთ განსხვავება ამ ორ დიდ ფენომენს შორის.
რა ხდება როდესაც მე მომავალ დედად ვიბადები
ისინი დაბადებისთანავე წყვეტენ, რომ მე სუსტ სქესს მივეკუთვნები. თავიდანვე აღმიქვამენ, როგორც პრინცესას, რომელიც თავისი მშვენიერებით ყველას მოხიბლავს და საბოლოოდ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე გა-თხოვდება. მე ვარ აღქმული დედის გაგრძელებად, ანუ ქალის, რომელიც სახლში ათასი ტექნოლოგიის დანიშნულებას ასრულებს. დედა რეცხავს, დედა ხეხავს, დედა წმენდს, დედა გვის, დედა აუთოვებს, დედა საჭმელს ამზადებს, დედამ ყველა უნდა გაგვაღვიძოს, დედამ ყველას გეგმები წინასწარ უნდა გაწეროს და თუ რომელიმე არ შესრულდა პასუხი მხოლოდ მას მოეკითხება. აქ კიდევ უამრავი ქცევის პატერნია, რომელსაც სიტყვა დედა თავის-თავშივე მოიაზრებს. მე არ ვამბობ, რომ ამ სტერეოტიპისგან თავად მაინც ვარ გათავისუფლებული. 18 წლის ასაკშიც კი ყოველ დილას ველოდები დედაჩემს, რათა გაიღვიძოს და შემდეგ ჩემს გაღვიძებაზე იზრუნოს. არც კი განვიხილავ ვარიანტად მამას, რომელსაც ამ დროს მშვიდად სძინავს. ეს ფსიქოლოგიურად გამჯდარი შეხედულებაა – მივიდე დედასთან, როცა საქმე ამას მოითხოვს. ახალ წელს თოვლის ბაბუს თოჯინები მოაქვს საჩუქრად, მე ჯარისკაცებით თამაში უფრო მომწონს. დედამ ფერად-ფერადი კაბები მიყიდა, თავი ზღაპრული პრინცესა მგონია, მულტფილმებში ურჩხულებს რომ ჰყავთ შეპყრობილი. ჩემს საყვარელ არცერთ ანიმაციაში არ არის ქალი გმირი. ყველა გოგო დახმარებას ითხოვს, ყველა შეპყრობილი და დაუცველია. ჩემს ძმას ეუბნებიან, რომ როცა გაიზრდება ქალებში წაიყვანენ. მე მომავალი ქალი ვარ. არვიცი რას ნიშნავს ქალებში წაყვანა, მაგრამ ვიცი რომ ჩემთვის მსგავსი არაფერი უთქვამთ. ჩემს ძმას ტუჩსაცხის წასმას უშლიან. ეუბნებიან რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გოგოების საქმეა. ტუჩსაცხი, ტუში, ფერუმარილი – მე უკვე მივხვდი რა არის ჩემი საქმე. ჩემს ძმას ეუბნებიან რომ ძლიერი და წარმატებული ბიჭი იქნება. მე არ მეუბნებიან რომ ძლიერი ვიქნები. ჩემთვის არასდროს უთქვამთ რომ ძლიერ ადამიანად გავიზრდები. მე მხოლოდ ლამაზი და ესთეტიურად მიმზიდველი შემიძლია ვიყო. მე არ მაქვს უფლება ვიყო თავის-უფალი, როდესაც გავიზრდები. ვხედავ ჩემს ძმას, რომელიც ღამით იპარება სახლიდან და გოგოებს ხვდება. მას არავინ საყვედურობს. უკვე 13 წლის ვარ და პერიოდულად მოთხოვნილებები მაწუხებს. ამაზე ვერავისთან ვსაუბრობ. გოგოებს ეშინიათ მშობლების და ძმების, რომლებიც მათი ღირსების სადარაჯოზე დგანან. მოხიბლული ვარ. ჩემი სატრფო ჩემდამი ყურადღებას საერთოდ არ იჩენს. მე მას მთელ ჩემს გრძნობებს ფურცელზე ვუწერ, მივდივარ და ვეუბნები რომ მიყვარს. ის ჩემს წერილს ჩემს თვალწინ ხევს და იცინის. მე აღარასდროს გავაჟღერებ ჩემს გრძნობებს. გადის რამდენიმე თვე. ბიჭი ბრუნდება, ამჯერად კი მე ვიღებ მისგან სასიყვარულო წერილს. ბიჭები არ აფასებენ გულწრფელობას და შენ მათთვის უინტერესო გახდები, თუკი სპორტული ინტერესებით არ განეწყობიან შენდამი. შენ აუღებელი ციხესიმაგრე უნდა იყო. კლდემამოსილი, ნაზი, მშვიდი და ლამაზი – ჩემს მშობლებს სურთ, რომ ასეთად გავიზარდო. მე ცანცარა, მხიარული და ფეთხუმი ვარ. მამა ამბობს, რომ ჭკვიანი ქალები საშიშები არიან. მამა ჭკვიანი კაცია. მინდა, რომ მეც ჭკვიანი ვიყო და ჩემი მშვენიერების მაგივრად, ხაზს ჩემს განათლებას უსვამდნენ. შეყვარებული ვარ. ამჯერად ის ადამიანი ვიპოვე, რომელთან ურთიერთობაც დაბალანსირებულია. ჩვენ თანასწორუფლებიანნი ვართ. არც მას აქვს ექსტრა-უფლებები ჩემზე და არც მე მასზე. ჩვენთან პრობლემები საერთო განხილვის ხარჯზე წყდება. მისი არსებობის შესახებ მთელმა სანათესაომ გაიგო. ისინი მე არ მეკითხებიან რა უფრო კომფორტულია ჩემთვის. თავადვე წყვეტენ რაზე ისაუბრონ და როგორ შეაქონ ბიჭი, რომელიც ისედაც კარგია. მე ბედნიერი ვარ. 18 წლის ასაკში სახლიდან პირველად ვიპარები, რათა მასთან ერთად ავღნიშნო ჩვენი გაცნობის იუბილე. მე მეჩხუბებიან, მემუქრებიან, მაფრთხილებენ, რომ სახელი გამიფუჭდება. გვიან ღამით შეყვარებულთან ერთად კაფეში ჯდომა ხომ სირცხვილია. რას იტყვის ხალხი. მე არ მესმის რატომ დავუშვი შეცდომა. მე ვერ ვხვდები საერთოდ შეცდომას რას ეძახიან. მე შემიძლია ვიყო თავის-უფალი. მე არ ვარ მარტივად სამართავი სუსტი სქესის რიგითი რგოლი და თუკი გმირი ქალები არ არსებობენ, ჩვენ გავხდებით. მე ერთის მხრივ ვეთანხმები ჩემს ძმას და ვჩუმდები, მეორეს მხრივ კი ვიწყებ ბლოგის წერას იმაზე რომ შეყვარებულის ღამით ნახვა წესიერ ოჯახში გაზრდილ გოგონებს “არ შეგვეფერება”, მერე და რას იტყვის ხალხი.
ნაცნობები მეკითხებიან როდის “ვთხოვდები”, არადა გა-თხოვება, როგორც ცხოვრებისეული მოვლენა ჯერ განხილვასაც კი არ ექვემდებარება. 18 წლის ბავშვები არ უნდა “თხოვდებოდნენ”. პაპა მეუბნებოდა, რომ ადამიანის გაცნობას წამები სჭირდება, გამოცნობას კი წლები. პატარა გოგონები, რომლებიც საკუთარ თავსაც კი არ იცნობენ ხშირ შემთხვევაში იმ მამაკაცებს მიყვებიან ცოლად, რომლებიც დათრობისას პათოლოგებად გადაიქცევიან ხოლმე, წლების შემდეგ კი მონსტრებად. მე არ შემიძლია სხვების მითითებებით ვიცხოვრო და ვერასდროს ვიქნები მონა. ვერ გავხდი ქმარს აყროლებულ ნასკებს და ვერცერთხელ მოვითმენ მის მიერ დედაჩემის “მოხსენიებას”. უფროსები აუცილებლად მეტყვიან, რომ ოჯახი სათამაშო არ არის, რომ კერია არ უნდა გააციო, რამდენჯერაც წაიკამათებთ სახლში არ უნდა გარბოდე, იმიტომ რომ იქნებ იქ უკვე აღარ იყოს შენი ადგილი. მე კი მგონია, რომ ეს ხალხი ცდება. სწორედ ამიტომ უნდა ისწრაფოდე თვით-ქმნისკენ, უნდა სრულყოფდე საკუთარ თავს. არ უნდა ეყრდნობოდე სხვებს, რადგან თუკი შენი ქმარი გცემს და გამოგაგდებს, მშობლებს შენი სახლში დანახვა დიდად აღარ გაახარებთ. დაგიტოვებენ და გულს გაგიწყალებენ იმაზე საუბრით, რომ ოჯახი ბრძოლაა და ქმრის გინება, ცემა და უწმაწური გამოხტომები არც თუ ისე რთული ასატანი, შენ ხომ ქალი ხარ. თავადვე გიკაფავენ გზას, რომელიც ჩახერგილია და ზუსტად საყვარელი ადამიანები არიან ისინი, ვინც უკან დახევის საშუალებას არ მოგცემენ. მე გავიზარდე. ჩამოვყალიბდი. მამამ მთხოვა პირობა მიმეცა და მისი თავი დამეფიცებინა, რომ გათხოვებაზე არ ვიფიქრებდი. პირობითურთ თუ პირობის გარეშე – არ ვფიქრობ მამა. არ მჯერა, რომ სახლში ჯდომისთვის და აუნაზღაურებელი შრომისთვის დავიბადე. უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერი ვიყო. მჯერა, რომ ქალები ბუნებით ძლიერი არსებები არიან. არ მინდა მჯეროდეს რომ ქალები, რომლებიც ტირანი ქმრებისგან გამოქცეულ ცოლებს უკან დაბრუნებას ურჩევენ, ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ “მონას ხანდახან თავისუფლებაზე მეტად, სხვების დამონება უფრო ახარებს”. მე მინდა რომ ქალებს გმირებად ვხედავდე. აბორტის მონაცემების გადამოწმებისას არ დაბადებულების ორ მესამედზე მეტს გოგოები აღარ შეადგენდნენ. მე მჯერა რომ ვუყვარვარ ჩემს ძმას, რომელსაც არ უნდა რომ ვინმე ჩემზე მხოლოდ იმიტომ იფხანდეს ენას, რადგან ღამით შეყვარებულთან ერთად სეირნობისას დამინახა. მე მჯერა, რომ ვუყვარვარ მამას, რომელიც მხოლოდ მაშინ მეფერება, როცა სწავლაში ვაღწევ წარმატებებს. ის მთელი გულით ცდილობს დამანახოს, რომ ჩემი საქმე ისე უნდა მქონდეს აწყობილი რომ, თუკი ჩემი ქმარი გულს დამწყვეტს უკან დაბრუნების არ მეშინოდეს. მამა კარგად მიცნობს. იცის რომ დავბრუნდები. მამას არ მოუნდება გავჩერდე და მოვითმინო. ვიცი, რომ დედა ჩემს მაგივრად არასდროს გადაწყვეტს ვისთან დავამყარო სამარადჟამო კავშირი და ისიც ზუსტად ვიცი, რომ თუკი ვინმე ძალისმიერად მოინდომებს ჩემზე დაქორწინებას, როგორც ეს სამწუხაროდ დღეს-დღეობით ხდება, ფეხის ფრჩხილებიანად შეჭამს მას, ვინც თავს ამის უფლებას მისცემს.
მე მინდა რომ ყველა მშობელმა გაიაზროს თავიანთი ქალიშვილების მნიშვნელობა. ვასწავლოთ მათ რომ თავისუფალი, სრულყოფილი და ძლიერი ადამიანები არიან. ვუთხრათ რომ შეუძლიათ მიაღწიონ ყველაფერს, რასაც კი მიზნად დაისახავენ. დავანახოთ მათ ძმებს, რომ იყო ქალი არც ისე მარტივია და რომ ჩვენ პატივისცემას ვიმსახურებთ. მე მინდა გხედავდეთ არა დაჩაგრულს და მიტოვებულს, არამედ თავაწეულს და სრულყოფილს. მიშელ ობამა ამბობდა, რომ არცერთი მიჭი არ არის იმდენად სიმპათიური, რომ მოგვწყვიტოს სწავლა-განათლებისა და წინსვლის პროცესს. მე არ ვარ სუსტი სქესის წარმომადგენელი. მე ძლიერი გოგო ვარ და არასდროს ვიქნები მონა. ვერასდროს გამა-“თხოვებენ”, რადგან მე არ ვარ ნივთი. მეც ადამიანი ვარ და თქვენგან არაფრით განსხვავდები.

Leave A Reply

Your email address will not be published.