გადადექი! წადი მონასტერში! – ხვალ კანცელარიასთან აქცია გაიმართება

ხვალ მთავრობის კანცელარიასთან 19:00 საათზე პატრიარქის ინიციატივას – პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით, გააპროტესტებენ. სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქცია „გადადექი! წადი მონასტერში“- ილია მეორის სურვილსა და მთავრობის დამოკიდებულებას უკავშირდება. აქციის ორგანიზატორები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მხარდაჭერით წინასაარჩევნოდ მანიპულირებენ და თავიანთ მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებენ.
აქციის ორგანზატორები მთავრობის წევრებს შეახსენებენ, რომ სეკულარული სახელმწიფოს დაქირავებული მოხელეები არიან და ხელფასს საქმის კეთებისთვის უნდა იღებდნენ და არა ლოცვისთვის. ისინი მოუწოდებენ თანამდებობის პირებს გამიჯნონ რელიგიური შეხედულებები და თანამდებობრივი მოვალეობები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ გადადგომას მოითხოვენ.

„უკვე ნორმად იქცა პოლიტიკოსების მხრიდან რელიგიური სენტიმენტებით სპეკულირება, საპატრიარქოსა და პატრიარქთან კეკლუცი, რაც განსაკუთრებით აქტიურდება საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ეს უკანასკნელი ნამდვილ მარათონს ემსგავსება იმის მტკიცებით, თუ ვინ უფრო მეტად მართლმადიდელია და ვის უჭირავს უფრო გრძელი სანთელი. ამ ნორმას თითქოს შევეგუეთ კიდეც, ხშირ შემთხვევაში ირონიით ვუყურებთ, როგორც საარჩევნო ტრიუკს, მაგრამ, ვფიქრობთ, სერიოზულად დამაფიქრებელი და სახიფათო პრაქტიკაა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პერიოდულად წამოყენებული ინიციატივები, პატრიარქი ჩართონ და მას გადააბარონ მნიშვნელოვანი საჯარო საკითხების მოგვარება-გადაწყვეტა (იქნება ეს საგანმანათლებო, პენიტეციალურ თუ სხვა სისტემაში).
ეს სეკულარულ სახელმწიფოს უქმნის საფრთხეს.
მიმართავენ რა ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი შერყეული რეპუტაციისა და მოსახელობაში დაკარგული ნდობის აღსადგენად პატრიარქის ავტორიტეტს, ამით ხაზს უსვამენ საკუთარ უუნარობას, იმას რომ მათ არ ყოფნით არც კომპეტენცია, არც პოლიტიკური ნება, არც პრინციპულობა იმისთვის რომ მიიღონ (რიგ შემთხვევაში არაპოპულარული) გადაწყვეტილებები.
შევახსენებთ ხელისუფლების ნებისმიერ პასუხისმგებელ პირს, რომ ისინი სეკულარული და მრავალეთნიკური სახელმწიფოს დაქირავებული მოხელეები არიან. მათ ხელფასს საქმეში ვუხდით და არა ლოცვაში.
მათგან მოვითხოვთ, საკუთარი რელიგიური გრძნობები დატოვონ სახლში და მოძღვართან, გამიჯნონ მისგან სახელმწიფო მოხელის ფუნქციები და ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გადადგომას, როგორც სუსტი ჩინოვნიკების, რომლებიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე თავიანთი საქმიანობის ლეგიტიმაციას ვერ ახერხებენ“
, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ილია მეორემ პრემიერმინისტრს თხოვნით მიმართა, რომ პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება მიენიჭოს.
თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც პრეზიდენტსა და მთავრობას საკითხზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.