გაერთიანდებიან თუ არა ღარიბაშვილი, ინაშვილი და ბურჯანაძე?

“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილის განცხადებას ავრცელებს

“დილიდან აღმოვჩნდი ვითარებაში, როცა იძულებული ვარ, კომენტარი გავაკეთო არარსებულ პოლიტიკურ კონფიგურაციაზე. ვგულისხმობ “ახალ თაობაში” გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, ირაკლი ღარიბაშვილი და ნინო ბურჯანაძე ერთობლივად ვქმნით საარჩევნო კოალიციას.

ვინაიდან უამრავი ჟუნალისტი მთხოვს კომენტარს, ვწერ ერთ პასუხს: არაფერი მსმენია ხსენებული კონფიგურაციის თაობაზე. მე და ჩვენი გუნდი საჯარო პოლიტიკის მომხრე ვართ და გულახდილად გეუბნებით, რომ არ შევხვედრივარ არც ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და არც ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. რომ შევხვედროდით ერთმანეთს, ამაშიც ვერ ვხედავ დანაშულს, მაგრამ ღიად დავწერდი, რატომ და რისთვის შევხვდით.

ამიტომ იქნებ სტატიის ავტორმა და ექსპერტმა უფრო ნათლად აგვიხსნან, რა ფაქტებს ეყრდნობა გავრცელებული ვერსია. და რატომ მაინც და მაინც ინაშვილი-ღარიბაშვილი-ბურჯანაძე? და არა, მაგალითად, ინაშვილი-ალასანია-ღარიბაშვილი, ან ინაშვილი-ალასანია-ნათელაშვილი, ან ინაშვილი და სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტია, თუ პარტიები? ვფიქრობ, ამ ვერსიით ვიღაცა (არ გამოვრიცხავ, რომ “ოცნების” N- ფრთა და ნაციონალური მოძრაობის N- ფრთა) ამოწმებს, როგორ შეხვდება საზოგადოება მსგავსი ტიპის პოლიტიკურ კონფიგურაციას, მაგრამ, ვიმეორებ: რატომ მაინც და მაინც ხსენებული სამეული? სხვა ვერსიებიც განიხილონ. მაგრამ მე მარტივ, პრიმიტიულ მიზანს ვხედავ: ინფორმაციის გაჟღერების დონეზე, ამ N- ს სურს მარცვალი ჩააგდოს დასავლეთში, თითქოს…

აი, პრორუსული ძალები იკრიბებიან და მათ უერთდება ღარიბაშვილიც. იარლიყების თემას მოგვიანებით შევეხები. მანამდე კი, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არც ჩვენ ვართ პრორუსული ძალა, არც ღარიბაშვილი და, სხვათა შორის, არც ბურჯანაძე მგონია პრორუსული ძალა. ის რომ ბურჯანაძე რამდენჯერმე მოსკოვში ჩავიდა და პუტინსაც შეხვდა, პირადად ჩემთვის სულაც არ ნიშნავს პრორუსულობას.

მეორე- მოგეხსენებათ, ყველა ოპოზიციური პარტია თანხმდება იმაზე, რომ 2016 წლის არჩევნებამდე ქვეყანაში უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” კონკრეტული წინადადებების პაკეტი აქვს წარდგენილი პარლამენტში და ბატონ პრემიერსაც გაეგზავნა წერილი. თუ ხელისუფლება განაგრძობს ინეტულობას, განაგრძობს ტყუილის პოლიტიკას და არ შეცვლის საარჩევნო გარემოს, მაშინ ჩვენ განვაახლებთ არა მარტო შიმშილობის აქციას, არამედ ორგანიზებას გავუწევთ საყოველთაო საპროტესტო მოძრაობას და სრულიად არ გამოვრიცხავ, რომ ამ ვითარებაში შეიქმნას ერთიანი ოპოზიციური ფრონტი.

ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის შემთხვევაში კი, უმოქმედოდ ვერ დარჩება ვერც პრეზიდენტი, რომელსაც მოუწევს იტვირთოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების გარანტის ფუნქცია. ახლა დავსვათ კითხვა, ვის ეშინია რეალურად ამ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შესაძლო ფორმირების? ესაა, ერთის მხრივ, რესპუბლიკური პარტია (“ქართული ოცნების” შიგნით), მისი ნულოვანი რეიტინგით, მისი სტილით,- დაუპირისპირდეს ყოველივე სასიკეთოს ქართული დემოკრატიისათვის, ამიტომაც აკერებენ მათთვის არასასურველ პოლიტიკურ ოპონენტებს რუსეთის აგენტების იარლიყს და, მეორეს მხრივ, ესაა ნაციონალური მოძაობის რადიკალური ფრთა, ბოკერიას ფრთა, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობაც რამდენიმე შტოდაა გახლეჩილი. ერთიანი ოპოზიციური ფრონტი ( ფორმირების შემთხვევაში),- ეს იქნება არა იდეოლოგიური ერთობა, არამედ ერთობა უსამართლო, არადემოკატიული და ყალბი არჩევნების წინააღმდეგ.

ასეთ ერთობაში გაერთიანდება აბსოლუტურად ყველა პარტია… ამიტომ ხელისუფლებას მოუწევს გააკეთოს არჩევანი, ან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ან -ჩრდილოეთ კორეა!” – ნათქვამია ირმა ინაშვილის განცხადებაში.

Comments
Loading...