„გაზპრომთან“ შეთანხმება ვერ შედგა

ავსტრიაში გამართულ შეხვედრაზე „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან საერთო შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. თუმცა, კახი კალაძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქართულ მხარეს უნდოდა იგივე შედეგი მიეღო, რასაც გაზის მოცულობების მიღების შემთხვევაში იღებდა. „ჩვენი სურვილია გვქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთიდან წამოვიღოთ იმ მოცულობის ბუნებრივი აირი, რამდენი მოთხოვნაც იქნება ქართულ ბაზარზე. რაც შეეხება რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, არ ვიცი ამას გინდა ულტიმატუმი დავარქვათ, გინდა მოთხოვნა, საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ მოხდეს გატარების თანხობრივი ანაზღაურება.

აქედან გამომდინარე, ქართულ მხარეს გვაქვს სურვილი და გვინდა, რომ ჩვენ მივიღოთ იგივე შედეგი, რასაც ვიღებდით ნედლეულის მიღების შემთხვევაში და ასევე, გვქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში წამოვიღოთ იმდენი მოცულობის ბუნებრივი აირი, რამდენიც იქნება მოთხოვნა ქართულ ბაზარზე და ამაში შეზღუდულები არ ვიყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება კომერციული გაზის შეძენის თაობაზე და რა როლი აქვს ამაში სახელმწიფოს, ამაზე კახი კალაძე აცხადებს, რომ კომერციული ბაზარი აბსოლუტურად დერეგულირებულია და ყველა კომპანიას აქვს შესაძლებობა პირდაპირ დაელაპარაკოს, იქნება ეს „გაზპორმი“ თუ „სოკარი“ და სადაც უკეთეს ფასს მიიღებს, იმ ქვეყნიდან შემოიტანოს ბუნებრივი აირი. მისი თქმით, სახელმწიფო აქ არ ერევა და ამის შესაძლებლობები თვითონ კომპანიებს გააჩნიათ.

„გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკების დეტალები გააცნო ენერგეტიკის მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს. შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ენერგეტიკულ სექტორში დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობას შეეხო.

საუბარი იყო ასევე რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერასა და მიმდინარე საკითხებზე. იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელი მიწოდება.

„ჩვენ ორ მთავარ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. პირველი საკითხი იყო საქართველოს კავშირები „გაზრპომთან“ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან გაზის მიწოდების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მეორე საკითხი შეეხებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ენერგოსექტორში არსებულ თანამშრომლობას. ეს არ იყო ჩემი პირველი შეხვედრა მინისტრ კალაძესთან“, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

რაც შეეხება „გაზპრომის“ წარმომადგენლებსა და კალაძეს შორის ვენაში გამართულ შეხვედრის დეტალებს, ელჩის განცხადებით, ამ კონკრეტული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია კალაძემ უნდა გაავრცელოს. თუმცა, იქვე ამბობს, რომ აქვს ზოგადი ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

„მინდა განვაცხადო, რომ ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას, ამ შემთხვევაში კი საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს მოსახლეობისა და ეკონომიკური სუბიექტებისთვის ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელი მიწოდება. ჩემი აზრით, ეს არის ის, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს ამ რთულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ პირობებში. მე მესმის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს. ევროკავშირს საქართველოსთან ძალიან კარგი კავშირები აქვს ენერგეტიკის სფეროში“, – აცხადებს იანოშ ჰერმანი.

რაც შეეხება ევროკავშირის შეშფოთებას, ელჩის განმარტავს, რომ ევროკავშირს აქვს საკუთარი ენერგოპოლიტიკა, რომელიც მიუთითებს, რომ ევროკავშირი უნდა იყოს ერთიანი ენერგოსაკითხებთან დაკავშირებით.

„ენერგოპოლიტიკა გულისხმობს სხვადასხვა მიზნებს, ერთ-ერთი მიზანი არის დივერსიფიკაცია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი ენერგორესურსების დივერსიფიცირება. ეს არის ის, რისი თქმაც ამ ეტაპზე შემიძლია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ კომუნიკაცია ამ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან“, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის „გაზპრომზე“ დამოკიდებულების გასაზრდელად მიმართული მცდელობის ერთ-ერთი მიზეზი, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესია. როგორც კანდელაკმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის არჩევნების გზით ხელისუფლებიდან ჩამოშორებამდე მთავრობას არ მიეცეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის დამანგრეველი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა, სადაც „გაზპრომთან“ დაკავშირებით იმსჯელებენ.

„ჩვენი მხრივ, მზად ვართ ამ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. აუცილებელია ივანიშვილის არჩევნების გზით ხელისუფლებიდან ჩამოშორებამდე ამ მთავრობას არ მიეცეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის დამანგრეველი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ოპოზიცია და საზოგადოება ამას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს“, – აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

ჯერჯერობით უცნობია, მოიწვევს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ანალიტიკოსები კი თვლიან, რომ ხელისუფლებას თავიდანვე რომ სწორი კომუნიკაცია ეწარომებიანა საზოგადოებასთან „გაზპრომთან“ დაწყებულ მოლაპარაკებებზე, მაშინ ამდენი ვნებათაღელვა არ იქნებოდა. კომუნიკაციის ის ფორმა, რომელიც ხელისუფლებამ შეარჩია პოლიტიკური და პოლიტექნოლოგიური თვალსაზრისით სწორი არ იყო.

for.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.