გენო აროშიძე – ეს ცალსახად იყო სისტემური დანაშაული

“ეს ცალსახად იყო სისტემური დანაშაული. ის ადამიანები. რომლებიც ამბობენ, რომ წამების კადრები დადგმულია, თვითონ არიან ამ სისტემის შემქმნელები.”-განაცხადა ბიზნესმენმა და ყოფილმა პატიმარმა გენო აროშიძემ 2030-ის სტუდიაში. ბიზნესმენმა გლდანის ციხეში გატარებული დღეები გაიხსენა და ის პიროვნებები დაასახელა, ვინც განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდა პატიმრებს.

“ერთ-ერთი ოდიოზური ჯალათი სამკურნალო დაწესებულების უფროსი გახლდათ. ეს იყო ვაჟა ცხვედიანი. ის ე.წ. “ბალნიჩკის” უფროსი და ერთ-ერთი პირველი ჯალათი იყო. ფიზიკურადაც ძლიერი იყო და დიდი ენთუზიაზმითაც გამოირჩეოდა. ” . აროშიძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, იხდის თუ არა სასჯელს ამჟამად ვაჟა ცხვედიანი, თუმცა თვალყურს ადევნებს ოლეგ ფაცაციას.

“ოლეგ ფაცაციამ მე ფაქტიურად დამაინვალიდა. ვიცი, რომ მას მისჯილი აქვს 6 წელი და 9 თვე. კიდევ ერთი პიროვნება იყო, “სოციალის” უფროსი , აგიხსნით რას ნიშნავს “სოციალი”. თუ პატიმარს ჰქონდა რაიმე ყოფითი პრობლემა, ან შეურაცხყოფილი იყო, უნდა მიემართა სოციალური სამსახურისთვის, რომელსაც უნდა გაეწია დახმარება. ამ სოციალური სამსახურის უფროსი იყო გაგა ბუთლიაშვილი, რომელიც არაფრით არ განსხვავდებოდა ოლეგ ფაცაციასგან და ვაჟა ცხვედიანისგან. ციხეში ცემა თავისუფლად შეიძლებოდა გადაზრდილიყო მკვლელობაში . შედიოდნენ აზარტში და მერე უკვე თავს ვეღარ აკონტროლებდნენ. ყოველ დღე “კატაფალკა” შემოდიოდა გლდანის ციხეში. ეს სასწრაფოს მანქანა კი არ იყო, მიცვალებულისთვის განკუთვნილი კატაფალკა იყო.. ”

აროშიძის თქმით, ციხის სადისტი თანამშრომლები საკუთარი ინიციატივით არ მოქმედებდნენ. ადამიანების წამებას მათ “ზემოდან” ავალებდნენ.

“ისინი ელემენტარულ გადაწყვეტილებასაც ვერ იღებდნენ ზემოდან მითითების გარეშე. მაგალითად, წყალი რომ შეწყდებოდა, შეეძლოთ, ზაფხულში 1 კვირა უწყლოდ ვყოლოდით, სანამ დიდი უფროსობა არ ჩაერეოდა. სანამ არ ჩამოვიდოდა ვთქვათ, ალეკო მუხაძე, რომელიც იმ მომენტში არ იმყოფებოდა ადგილზე. ისინი თავად არაფერს აკეთებდნენ. მათ რასაც ავალებდნენ, დიდი სიამოვნებით ასრულებდნენ. ხაზს ვუსვამ, მანიაკალური სიამოვნებით. ეს იყო სადამსჯელო რაზმები, ოღონდ რა ნიშნით არჩევდნენ , ეს ჩემთვის უცნობია. იყო ისეთი პატიმრები, რომლებსაც დავალებით სჯიდნენ, ანუ “ზემოდან”. მაგალითად, ბესო ხარძიანის მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, რომელიც ერთი კვირა ყვიროდა, და ჩვენ, პატიმრებს გვატყუებდნენ, რომ ვიღაც გონებაშერყეული მოიყვანეს ციხეში და ცოტა ხანში გადაიყვანენ, თურმე ბესო ხარძიანი ყოფილა …სანამ გლდანის ციხეს ვნახავდი, მე არ მეგონა საქართველოში ასეთი ადამიანები თუ ცხოვრობდნენ. ყოველ პარასკევს ღამე იშლებოდა კარანტინი და ჩემი საკნიდან ჩანდა ყველაფერი . ეს იყო ბართლომეს ღამე, ნაწილი თავისი ფეხით გამოდიოდა იქიდან, დანარჩენები საკაცეებით ამოყავდათ. და ეს ყველაფერი ხახა ხიხი-თი კეთდებოდა, ძალიან სიამოვნებდათ, რასაც აკეთებდნენ. “-განაცხადა ბიზნესმენმა

Leave A Reply

Your email address will not be published.