​გერმანიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების დღე საზეიმოდ აღინიშნა

საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ, თავდაცვის ატაშემ დავით მამულაიშვილმა და საელჩოს თანამშრომლებმა ბუნდესვერის 37-ე მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის ასეული მოინახულეს.  აღნიშნული ასეული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  “მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მოსამზადებელ წვრთნებს გადის. ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრის ფარგლებში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების დღე.

საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ გერმანელ და ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და  საზეიმოდ მოწყობილ ასეულის პირად შემადგენლობას შეიარაღებული ძალების დაარსების 26 წლისთავი. მიულოცა. ელჩმა ხაზი გაუსვა მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობას გერმანიასა და საქართველოს შორის და მადლიერებით გაიხსენა ის ისტორიული ფაქტები, როდესაც გერმანია გვერდში ედგა საქართველოს დიპლომატიური და სამხედრო აღმშენებლობის საწყის პერიოდში. ლადო ჭანტურიამ სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ქართულ-გერმანული საიუბილეო წლის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ელჩმა ქართველ ჯარისკაცებს  ფასდაუდებელი სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა და მათ მომავალ მისიაში წარმატებები უსურვა .

Comments
Loading...