გერმანიის ქალაქ ჰანოვერში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

გერმანიაში მასშტაბური ევაკუაცია მიმდინარეობს. ქალაქ ჰანოვერში 50 ათასი ადამიანის ევაკუირება ხდება, რისი მიზეზიც მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ხუთი ბომბის გაუვნებელყოფაა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
საევაკუაციო ოპერაცია ჰანოვერის მეათედს ეხება. საცხოვრებელი სახლების გარდა, მოხუცებულთა შვიდი სახლის, საავადმყოფოსა და ქარხნის ევაკუაცია მიმდინარეობს. ევაკუირებული მოსახლეობისთვის გათვალისწინებულია უფასო საკვები და კულტურული პროგრამები. საკუთარ სახლებში დაბრუნებას ისინი საღამოსთვის შეძლებენ. ვარაუდობენ, რომ ოპერაციამ შესაძლოა, რკინიგზის მუშაობაც შეაფერხოს.
გერმანიაში პირველი უმსხვილესი ევაკუაცია გასულ წელს აუგსბურგში განხორციელდა, როდესაც 54 ათასი ადამიანის ევაკუაცია 3,8 ტონიანი ბომბის აღმოჩენის გამო გახდა აუცილებელი.

წყარო: interpressnews.ge

Comments
Loading...