ღლონტი: ვაანონსებ, რომ მედია ძალიან მალე „ქართული ოცნების“ ხელში გადავა
ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ღლონტის განცხადებით, დღეს სასამართლომ „მაესტროს“ მესაკუთრეს ლოგოს სახით ინტელექტუალური საკუთრება წაართვა.
ამის შესახებ ღლონტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, „მაესტროს“ ლოგოს გარშემო არსებული დავის შესახებ გამართული პროცესის დასრულებისას განაცხადა.
„დღეს მოხდა ის, რომ მესაკუთრეს ინტელექტუალური საკუთრება წაართვეს, რომელიც დარეგისტრირებული ჰქონდა და სტუდია „მაესტროს“ მფლობელების 72%-მა მას საჩუქრად გადასცა. ახლა ადგნენ და წაართვეს. მედიის კონკრეტული პარტიული ინტერესების ქვეშ მოქცევა მიმდინარეობს. ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს“, – აღნიშნა ღლონტმა.
მისივე თქმით, ძალიან მალე მედიასაშუალებები „ქართული ოცნების“ ხელში სრულად გადავა.
„ვაანონსებ, რომ მედიაში ძალიან საინტერესო რაღაცები მოხდება. „რუსთავი 2“-ზე რა მოხდება არ ვიცი, მაგრამ დანარჩენი მედიასაშუალებები სრულად გადავა „ქართული ოცნების“ ხელში, რასაც საზოგადეობა მალე იხილავს“, – განაცხადა მამუკა ღლონტმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „მაესტროს“ ლოგო ერთ-ერთ დამფუძნებელს ბაჩო კიკაბიძეს ჩამოერთვა და გია გაჩეჩილაძეს გადაეცა.
საქმე ეხება ლოგოს გამოყენების უფლების ირგვლივ დაწყებულ დავას, რომლის დაბრუნებასაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე ითხოვს.
დღეს მოსამართლემ 2014 წლის 24 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ის ხელშეკრულება სცნო ბათილად, რომლის საფუძველზეც სტუდია მაესტროს 72% წილის მფლობელებმა ლოგო საკუთრებაში ბაჩო კიკაბიძეს გადასცეს.