„ღმერთო ჩემო, ქართველ ხალხს ჯერ ზუმბას წასვლით გამოწვეული იარა არ მოშუშებია, ახლა კიდევ მეორე ტრაგედია?“

ამ დღეებში ძალიან აღმაშფოთებელი ინფორმაცია გავრცელდა ქართულ მედიასივრცეში: „გამოჩენილი ქართველი პოეტი, თანამედროვეობის ლეგენდა, ქართველი ახალგაზრდების კერპი დავით (დეფი) გოგიბედაშვილი საქართველოს დატოვებას აპირებს. პოეტი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას გეგმავს, მისი ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია, იმ შემთხვევაში, თუ დაუყოვნებლივ არ შეწყვეტს ხელისუფლება სააკაშვილის სისხლისსამართლებრივ დევნას, დეფი პროტესტის ნიშნად ქვეყანას დატოვებს”.

ღმერთო ჩემო, ქართველ ხალხს ჯერ ზუმბას წასვლით გამოწვეული იარა არ მოშუშებია, ახლა კიდევ მეორე ტრაგედია? სხვათა შორის, ამის შემდეგ კიდევ ერთი საშინელი ინფორმაცია წავიკითხე სოციალურ ქსელებში, ნანუკა ჟორჟოლიანიც მიდისო, ოღონდ ამერიკაშიო, თავის შვილთანო, რომელიც იქ სწავლობსო. ჰო, აბა, რა? ამათი შვილები სწავლობენ ამერიკაში, შაქრო ქიბროწაშვილის გოგო ხომ არ ისწავლის? უკვე ვეღარ იტანს გული ამდენ წასვლას და დანაკლისს, ქართული ჟურნალისტიკის „დედოფალი” კი დაბრუნდება ისევ უკან, მაგრამ მანამდე რომ რამე ისეთი მოხდეს ქვეყანაში, მერე სად მივდივართ? არა, დეფის, იგივე დავითის წასვლას სულ სხვა სიმწარე ახლავს… ღმერთმა ნუ ქნას და მართლა დატოვოს საქართველო, მერე? მერე ვის უნდა ვკითხოთ ჭკუა? კაცი ფილოსოფოსი, კაცი ფსიქოლოგი, კაცი კრეატივი, კაცი პროზაიკოსი, კაცი ქართული პოეზიის მეფე… მოკლედ, დეფიო… დეფიმ ასე თქვაო… დეფის ვკითხოთო… დეფიმ არ გაგვიგოსო… დეფიმ ახალი ლექსი დაწერაო… დეფიმ მეოთხე ცოლი მოიყვანაო… დეფის ბევრი მტერი ჰყავსო, ჭორებს უვრცელებენ, ტყუილად იჭაჭება, თავში ნახერხი უყრიაო, სინამდვილეში ძალიან ღრმა ცნობიერების გენიოსიაო. ამონარიდი დეფის ერთერთი ინტერვიუდან:

– თქვენი საყვარელი საჭმელი?

– ზოგადად, მე არ ვცნობ საჭმელს, ის ადამიანის სულს არაფერს არ აძლევს ისეთს, რომ ისაზრდოოს, ის მხოლოდ სხეულისთვისაა. მე ვარ სული, ამიტომ საჭმელი არ არის ჩემთვის, საჭმელი არის მიწიერი დავიდ დეფისთვის. ისე ბავარიულ სარდელს გეახლებით ხოლმე.

სარდელი კარგია, თანაც ბავარიული, ოღონდ დეფის სულს არაფერს აძლევს, ის მხოლოდ სხეულისთვისაა. თუმცა სარდელი მაინც მოქმედებს სულზე და სწორედ მაშინ იქმნება კომკავშირული სულისკვეთების პოეზია:

„სიმართლისათვის
ყველაფერს გასცემ.
უფრო მეტს გასცემ
ვიდრე სიცოცხლე.
თავისუფლება
სინათლით სავსე,
გულში ვარსკვლავად
მინდა იწვოდეს.
ყოველი ცოცხალის
გულშივე ენთოს,
თანავარსკვლავედთა
სული და სიმშვიდე.
ბევრი წამებით
წამი ქმნის ერთ დროს,
თანავარსკვლავედებს
ფრთებივით ვიშლიდე
მე ახლა ძალიან,
ძალიან მინდა.
ძალიან მინდა”…

რა უნდა? ალბათ, სარდელი? მართალია, ეს ლექსი „აბდაუბდიზმის” სტილშია დაწერილი, მაგრამ აშკარად იგრძნობა ბორის ძნელაძის გავლენა… თავისუფლება სინათლით სავსე, გულში ვარსკვლავად მინდა იწვოდეს! ოჰოჰოჰოოო… დაიწვა ჯიგარი დეფიჯან! რაღა დაგიმალოთ და… ჩვენს დიდებულ მგოსანს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ვალერიან ხაბურძანიამ ლექსიც კი მიუძღვნა დავით გურამიშვილის მოტივებზე:

„ვაი, რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო,
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
ლექსთამწერელი შენ მათი მიშისტად მიგიჩნიესო,
გოგიბედაშვილ დათიკო, შენ დეფად გაგაჩინესო”!

და, როგორ გგონიათ, დეფიმ უპასუხოდ დატოვა ამხელა სკანდალი? სულაც არა, ადგა და თავისივე ბატის ფრთით დაწერა „ფეისში” (სტილი დაცულია):

„ჯერ ერთი სახელი დეფი ფრჩხილებში არ იწერება. დიდი ხანია ეს უკვე უნდა გაგეგოთ. მეორეც ერთი საქართველოდან არ მივდივარ. მესამეც ერთი ნუ გამივსეთ ინბოქსი სევდაგაკვირვება-სიხარულნარევი გზავნილებით. ყველაფერი რიგზეა. აქ ვარ. ვალერიან ხაბურძანიას შემოევლოს კაგებე, ახლა დავიტ გურამიშვილი ლექსებს რომ მიძღვნის”.

მაიცათ… ესე იგი, გოგიბედაშვილმა იცრუა? თქვა, თუ სააკაშვილს თავს არ დაანებებთ, საქართველოს დავტოვებო და ახლა იძახის, არსად წასვლას არ ვაპირებ, თქვენს ჯინაზე აქ ვრჩებიო? ესე იგი, ლექსებსაც დავწერ, პაპიროსსაც მოვწევ, ვინერვიულებ კიდეც და არც პენსიაზე გავალო? მერე, მიშა? გამოდის, ღალატია, ხალხნო!

სხვათა შორის, თანამედროვეობის უდიდესმა მგოსანმა „რუსთავი 2″-საც დასცინა – მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ გვარამიამ გამოაცხადა, თავისუფალ სიტყვას დაეხმარეთო, დეფი ეგრევე მივარდა „თიბისი ბანკში” და როგორ ფიქრობთ, რამდენი გადარიცხა? 5 (ხუთი) ლარი და ნულ-ნული (00) თეთრი. ფცხიიინკ… დეფის მიშა სააკაშვილის მიერ დანერგილი „თავისუფალი სიტყვა” 5 ლარზე მეტი არ უღირს. ეს ხომ მხოლოდ ნახევარი კილო სარდელია? შემოვდივარ წინადადებით, რაკი საქართველოში ჩამოვიდა ჰააგის პროკურორი ფატუ ბენსუდა, დეფის მოეწყოს „დენ სუდა” და გაირკვას, ვის იგდებს მასხრად – მიხეილ სააკაშვილს, ნიკოლოზ გვარამიას თუ თავისუფალ სიტყვას?! მგოსანი ყველა ბრალდებას ასე პასუხობს:

„მიშა არის ოდისევსი ოდესაში. და მისი ოდისეა ოდესღაც დაგვირგვინდება და თანაც ბრწყინვალედ”.

შემდეგ კი ამ ფილოსოფიურ ნააზრევს მხატვრული სიტყვითაც ამყარებს:

„სიცილი მესმის. სიხარულის ხმა.
სამშვიდობოდან, მესმის სიმღერა.
წამს წამი გაჰყვა და მიერითმა.
ამიერიდან კარგად იქნება,
ქვეყნად ყველაფერი. მენდე,
ყველაფერი. მანდე ყველაფერი”.

მხოლოდ ამისთანებს თუ ენდობა ოდესელი ოდისევსი, მეტი არავინ დარჩა!

გელა ზედელაშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა”

Leave A Reply

Your email address will not be published.