ღვინის გამო ირანის პრეზიდენტმა ოლანდთან სადილი გააუქმა-RTL

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის და მისი ფრანგი კოლეგის, ფრანსუა ოლანდის ელისეის სასახლეში დაგეგმილი სადილი იმის გამო ჩაიშალა, რომ საფრანგეთმა მენიუდან ღვინის ამოღებაზე უარი თქვა.

ამის შესახებ საფრანგეთის რადიოსადგური RTL-ი იუწყება. საფრანგეთში ირანის პრეზიდენტის ვიზიტის საპატივსაცემოდ გალა ვახშამი დაიგეგმა, თუმცა მედიის წყაროების ინფორმაციით, ოფიციალურმა თეირანმა მოითხოვა, რომ სადილზე ცხოველის ხორცი და ღვინო არ ყოფილიყო, რადგან ამას შარიათის კანონი კრძალავს.
დიპლომატიურმა წყაროებმა რადიოსადგურთან საუბრისას აღნიშნეს, რომ პარიზმა თეირანის მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ ელისეის სასახლეში ოფიციალური ღონისძიებები “რესპუბლიკური ტრადიციის” სრულ შესაბამისობაში ტარდება. არსებული ინფორმაციით, საფრანგეთმა ირანის წარმომადგენლობას შესთავაზა, რომ ფრანსუა ოლანდისა და ჰასან როუჰანის საუზმეზე სხვა ალერნატიული მენიუ ყოფილიყო, მაგრამ ირანელებმა ამ წინადადებაზე უარი თქვეს.
რადიოსადგურ RTL-ის ინფორმაციით, ოფიციალური პარიზი იმედოვნებდა, რომ ელისეის სასახლეში გამართული სადილის დროს ორი ქვეყნის ლიდერი სირიაში არსებულ სიტუაციას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს განიხილავდნენ.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ელისეის სასახლის ადმინისტრაცია ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი დაადასტურა, რომ ისლამური ღირებულებების შესაბამისად ირანის ოფიციალური პირები არ იღებენ მონაწილეობას ისეთ მიღებაში, სადაც ალკოჰოლური სასმელებით უმასპინძლდებიან“, – წერს გამოცემა Forbes-ი.
შეგახსენებთ, იტალიაში ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის ვიზიტის გამო რომის კაპიტოლიუმის მუზეუმის უძველესი შიშველი ქანდაკებები დაფარეს. ადგილობრივი მედიის თანახმად, მუზეუმებში და შენობებში, სადაც ჰასან როუჰანი იყო მიწვეული, შიშველი ქანდაკებები სპეციალურ ყუთებში მოათავსეს. ამასთან, ოფიციალური ვიზიტის დროს გამართულ მიღებაზე სტუმრებს ღვინითაც არ გაუმასპინძლდნენ, რადგან ირანში ალკოჰოლი მკაცრად აკრძალულია.
წყარო: სამოქალაქო პრესა

Comments
Loading...