გია ნოდია: როგორ მოინანიოს “ნაცმოძრაობამ…?”

“სულ მესმის (მათ შორის რაციონალური ადამიანებისაგან, რომლებიც პოლიტიკურად ბიძინას სამსახურში არ დგანან), რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა „მოინანიოს“ თავისი ცოდვები, კონკრეტულად – პატიმრების წამება. მეორეს მხრივ, იმავე „ფეისბუქში“ ვკითხულობ ნაციონალური მოძრაობის პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური წარმომადგენლისგან, რომ პატიმრების წამება იყო სერიოზული შეცდომაც და დანაშაულიც (ერთი სიტყვა მეორეს არ ეწინააღმდეგება და არ გამორიცხავს), რომ „არჩევნები ამიტომ წავაგეთ“ და ა. შ. მაგრამ ამას „მონანიებად“ არ უთვლიან – ისევ ჯიუტად სთხოვენ, „მოინანიეთო“.” – წერს თავოს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ნოდია.

“როგორც ჩანს, იმის თქმა, რომ (1) პოლიტიკურად, ეს იყო სერიოზული შეცდომა, რომელზეც მთლიანად პარტია აგებს პასუხს და (2) იურიდიულად და ზნეობრივად, ეს იყო დანაშაული, რისი ჩამდენებიც უნდა დაისაჯონ, არ არის საკმარისი. მაშინ, რა შეიძლება იყოს საკმარისი? მონანიების რაიმე რიტუალი არსებობს? „გალობანი სინანულისანი“ უნდა დაიწეროს? პატრიარქთან უნდა მივიდნენ და იმან შეუნდოს? საჯაროდ უნდა იტირონ (ოღონდ „გულწრფელად“)?

არ მინდა, ირონიაში გადავვარდე, მესმის, რომ ძალიან სერიოზული საკითხია. მაგრამ, რა ვქნა, მხოლოდ კონკრეტულად აზროვნებას ვთვლი აზროვნებად. ერთი მხრივ, ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ: „ვინანიებთ“, მეორეს მხრივ კი – სხვა ადამიანებს, ვინც ეუბნება, „არა, ეს არ არის მართლა მონანიება“. ხოდა „მართლა მონანიებად“ რად ჩაითვლება? როდის დადგება სატისფაქცია? კლასიკური „ქოცური“ რეკომენდაცია გასაგებია: ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადონ, პოლიტიკიდან ფეხაკრეფით გავიდნენ და დიდხანს, დიდხანს ხმა აღარ ამოიღონ. მაინტერესებს, „ნამდვილი მონანიების“ შუაშისტ-ინტელექტუალი მომთხოვნების პოზიცია იგივეა თუ განსხვავებული? კონკრეტული მაგალითები, რეკომენდაციები, თუ შეიძლება, და არა აბსტრაქტული მორალიზება. იქნება იმ საცოდავ „ნაცებსაც“ გამოადგეთ რამეში.

მეორეს მხრივ, თუ „მართლა მონანიების“ მომთხოვნებს ასეთი კონკრეტული რეკომენდაციები არა აქვთ, მაშინ ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ „მონანიება“ მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში რაღაც სხვაშია საქმე.” – წერს გია ნოდია.

Leave A Reply

Your email address will not be published.