გია ვოლსკი – ვფიქრობ, პაატა ბურჭულაძე სამედიცინო ცოდნიდან ძალიან შორს არის

მე ვფიქრობ, რომ სამედიცინო ცოდნიდან ძალიან შორს არის პაატა ბურჭულაძე, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა წევრმა გია ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, სადაც პაატა ბურჭულაძის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.
მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძეს ამ განცხადებით რაღაც პოლიტიკური ნიშის დაკავება უნდა.

”მე ვფიქრობ, რომ სამედიცინო ცოდნიდან ძალიან შორს არის პაატა ბურჭულაძე. ხელოვნების საკითხებზე რომ გაეკეთებინა განცხადებები, უფრო კომპეტენტურად გამოჩნდება. რაღაც პოლიტიკური ნიშის დაკავება უნდა და გადაწყვიტა, რომ ამ განცხადებით ვიღაც მხარდამჭერები გამოუჩნდება მის იდეას. ძალიან გული მწყდება, რომ არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს ბოლო პერიოდში. უნდა გაიაროს ალბათ კონსულტაციები ამ დარგის სპეციალისტებთან”, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს.

”მარიხუანას თემა, ნარკოპოლიტიკა ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ აზრი დაბალანსდეს საზოგადოების იმ ნაწილის, რომელსაც მიაჩნია, რომ მარიხუანა არ არის მსუბუქი ნარკოტიკი და ამან შეიძლება კიდევ უფრო გააღრმაოს გარკვეული პრობლემები და არის საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც ლიბერალიზაციისა და ლეგალიზაციის მომხრეა და არის ხელისუფლება , რომელმაც საკმაოდ დაბალანსებული პოლიტიკა შესთავაზა საზოგადოებას, თუმცა იქ რაღაც გადახრები ხდება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე განცხადებით, კანონი ლოიალური უნდა იყოს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ერთჯერადი გადაცდომა მოუხდათ.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ადამიანს ერთჯერადად მოუხდა გადაცდომა ან კრიმინალთან არ აქვს საქმე, მის მიმართ კანონი ლოიალური უნდა იყოს, მაგრამ დაშვებებმა შეიძლება გაააქტიუროს მეორე ჯგუფი, რომ არალეგალურ ბაზარზე ნარკოტიკების შემოტანის ინტერესი გაუჩნდეს. ასე, რომ ძალიან სკურპულოზური გადაწყვეტილებაა მისაღები და არა წამოყვირებები, რაც ამ შემთხვევაში პაატა ბურჭულაზემ დაუშვა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
პოლიტიკური მოძრაობა “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერის პაატა ბურჭულაძის აზრით, მარიხუანა აფთიაქებში უნდა იყიდებოდეს.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ბურჭულაძემ ”PalitraNews”-ის გადაცემაში ”ჩემი კითხვა” გამოხატა. ”მარიხუანას გაყიდვა უნდა ხდებოდეს არა გადამყიდველების მხრიდან, არამედ უნდა ხდებოდეს აფთიაქებში. ჩემი აზრით, აფთიაქებში ექიმი უნდა წერდეს რეცეპტს. ამით ჩვენ აღმოვფხვრით ძალიან დიდ კონტრაბანდას და ამას გავხდით ნორმალურს. არ შეიძლება, ხანდახან არ გაიზიარო ის, რაც ევროპის ქვეყნებშია. ზუსტად ასეთი პირობებია ნიდერლანდებში, ასეა ავსტრიაში და მე მას ვემხრობი. საერთოდ ნარკომანს არ უნდა ეშინოდეს, რომ მას დაიჭერენ და მალავდეს, რომ ის არის ნარკომანი. როცა ადამიანი ხვდება, რომ ის არის ნარკომანი, შეუძლია მივიდეს ექიმთან და ექიმმა უნდა უმკურნალოს. ეს არის მათი გამოჯანმრთელების ერთადერთი გზა – რომ ის არ მალავდეს, მივიდეს ექიმთან და ექიმმა გამოუწეროს რეცეპტი. ეს არის ძალიან ჰუმანური და თანამედროვე გზა”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

Comments
Loading...