გია ვოლსკი: ზუსტად გეტყვით, რომ ივანიშვილი არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო პროცესში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტიკაში“ განაცხადა, 2012 წლის არჩევნებში, კოალიციას მხარი ივანიშვილის სწორი პოლიტიკის შედეგად დაუჭირეს.

„ხათრს ვერ გაუწევდა ვერავინ, ბიძინა ივანიშვილს რომ სწორი გადაწყვეტილებები არ მიეღო. ისე კი არ იყო, კარები გააღეს და ვინც პირველი 150 შემოვიდა, ის აირჩია. ასე ნუ დააკნინებთ ბიძინა ივანიშვილის იდეას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე – რა იქნება მიმდინარე წლის არჩევნებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ ივანიშვილი პროცესებში მონაწილეობას აქტიურად მიიღებს.

მისი თქმით, ექსპრემიერს რომელიმე საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღია.

„ზუსტად გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს აქტიურ მონაწილეობას. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო ძლიერი ფიგურა და გაცილებით უფრო ძლიერი გახდა მას შემდეგ, რაც ამ თემაზე საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გაიარა. მისი აზრი მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მე არ მახსოვს ივანიშვილთან ჩატარებული თათბირი, როდესაც იგი ერთპიროვნულად და სხვისი მოსმენის გარეშე წყვეტდა საკითხებს“, – აღნიშნა ვოსკიმ.

Comments
Loading...