გიგა ბოკერია – უკანონო მოსმენები გრძელდება

უკრაინულ გამოცემა http://uareview.in.ua-ში გავრცელებულ აუდიომასალას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიგა ბოკერია გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ “ტელეიმედთან” სატელეფონო საუბარში განაცხადა, ჩანაწერი ორ რამეს ადასტურებს. “ერთი იმას, რომ უკანონო მოსმენები გრძელდება და ძალიან თავხედურად მერე ამას ჩვენ გვაჩვენებენ. მეორე, მე მგონი კონკრეტული მუქარაც იყო ნიკა გვარამიას მიმართ, რომ გამოგიქვეყნებთო სააკაშვილთან საუბარსო. ანუ ეს ადასტურებს იმ ამბავსაც, რომ ის შიკრიკი, ვინც გააგზავნა მთავრობამ იმ მუქარებით გვარამიასთან, რომ ნამდვილი შიკრიკი იყო მთავრობის, იმიტომ, რომ ეს კონკრეტული მუქარა შეასრულა. გამოძიებამ ისეთი აბსურდული ფაბრიკაცია გამოიყენა გამოიძიების დასაწყებად, რომ ამ საუბარს გამოიყენებს თუ არა ახლა ამის პროგნოზირება ჩემთვის რთულია. თუმცა, ხაზს ვუსვამ მთავარ საკითხს, რომ მე პირადად ჩემს თანაგუნდელებს ახალი სათქმელი ამ თვალსაზრისით არფერი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ჩვენი საჯარო პოზიცია, არაერთხელ ნათქვამი მედიისთვის, რომ ჩვენთვის წითელი ხაზი არის “რუსთავი 2″-ის ჩახშობის მცდელობა და ამ მცდელობას ჩვენ აღვუდგებით ფიზიკურად წინ. ჩვენში არ ვგულისმობ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას, ვგულისხმობ საზოგადოების სერიოზულ ნაწილს”, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, ეს არის მყარი პოზიცია, რომელიც იქნება განხორციელებული აუცილებლად.
უკრაინული გამოცემა http://uareview.in.ua ავრცელებს აუდიოჩანაწერს, სადაც მითითებულია, რომ აუდიოჩანაწერში ასახულია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარი.
გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ეკითხება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, რევოლუციიის სცენარს სთავაზობს. საუბრის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გვარამიას ბარიკადების აღმართვისკენ მოუწოდებს. სააკაშვილი გვარამიას ეუბნება, რომ “იშოვონ ბოევიკები” და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში სროლით დასრულდება.
რაც შეეხება სააკაშვილ-ბოკერიას საუბარს, გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, სააკაშვილი აქაც ბარიკადების მშენებლობაზე საუბრობს. ჩანაწერის თანახმად, სააკაშვილი დაინტერესდა უცხოელების რეაქციით, რაზეც ბოკერია პასუხობს, რომ დიდ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ თემაზე. სააკაშვილი ამბობს, რომ “რუსთავი2”-ის ჟურნალისტები დაბნეულები არიან, მაგრამ ისინი გვარამიამ უნდა გაამხნევოს.

Comments
Loading...