გიორგი გვიჩიანი: სტალინის ეპოქის შემდეგ, 11 წელი ციხეში უკანონოდ არავინ მჯდარა

კომპანია „თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი გვიჩიანი აცხადებს, რომ მისი 11-წლიანი პატიმრობა უკანონო იყო.

როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, საქართველოს კანონმდებლობით, ზიანის ანაზღაურებისთვის კონკრეტული თანხაა გათვალისწინებული.

„11 წელი მთელი ცხოვრებაა. თუ მეხსიერება არ მღალატობს, სტალინის ეპოქის შემდეგ, 11 წელი ციხეში უკანონოდ არავინ მჯდარა. დღეს არ ვარ მზად, გიპასუხოთ კითხვაზე, თუ რას ღირს 11 წელი და ვუჩივლებ თუ არა მე სახელმწიფოს. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ზიანის ანაზღაურება გარანტირებულია. ამავდროულად, „ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც, ბიუჯეტში გამოყოფილია კონკრეტული თანხა, რომელიც ზიანის ანაზღაურებისთვის არის განკუთვნილი. არ ვიცი ვის აძლევენ ამ თანხას, მაგრამ კანონში არსებობს და ალბათ, აძლევენ, რადგან კანონშია“, – განაცხადა გიორგი გვიჩიანმა.

„თელასის“ ფინანსური დირექტორის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულები გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია, სააპელაციო სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დარბაზიდან გაათავისუფლა.

2006 წლის 15 აგვისტოს „თელასის” ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი გვიაჩიანსა და ნიკა ჩემიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.

თავდაპირველად, ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, ხოლო შემდეგ, სასჯელის ზომა 20-წლიანი პატიმრობით შეეცვალათ.

მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე გახმაურებული საქმის, მათ შორის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულთა განაჩენის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო.

Comments
Loading...