გიორგი კვირიკაშვილი: ახალგაზრდებს შეიძლება, ცხოვრება დავუმახინჯოთ მარტო იმით, რომ ეს უბედურება ვაჩვენოთ!

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი „რუსთავი 2″-ის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. კვირიკაშვილი აღნიშნულ თემაზე რამდენიმე მთავარ საკითხს გამოყოფს. მისი თქმით, პირველი საკითხია გუშინდელი ფაქტი – ბიზნესმენ გიორგი კოდუასთან ახალგაზრდების ჯგუფის შელაპარაკება. რაც შეეხება მეორე საკითხს, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ძალადობის კადრების ტირაჟირება.

„მინდა, ვთხოვო ყველას, მოვუწოდო კიდეც, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ემოციების ქუჩაში გადატანისგან, ვინაიდან ამას შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს. ასევე მინდა ვთხოვო და, დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცველებს ექნებათ რეაგირება ასეთ შემთხვევებზე. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

რაც შეეხება ძალადობის კადრების გავრცელებას, ეს არის დაბრუნება იმ საშინელ წარსულში, რომელიც საქართველომ გაიარა. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს ერთხელ და სამუდამოდ. არ ვიცი, ვინ აკეთებს ამას, ეს ნამდვილად არ შედის მთავრობის ინტერესში და ვინც აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა, სად არის, სად მუშაობს, რომელი გუნდის თუ მიმართულების წევრია. ეს არის ადამიანების ფსიქიკის დანგრევა. ახალგაზრდებს შეიძლება, ცხოვრება დავუმახინჯოთ მარტო იმით, რომ ეს უბედურება ვაჩვენოთ, რაც გაიარა საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა. ამიტომ კატეგორიულად ვემიჯნები, მითუმეტეს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მასშტაბით, ასეთი კადრების ჩვენებას” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი მედიის თავისუფლებას ეხება:

„ჩვენი მთავრობა ამ ფასეულობაზე ნამდვილად დგას, ამიტომ მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არც ერთი სატელევიზიო თუ მედიაკომპანიის მაუწყებლობის პოლიტიკაში ჩარევა არ მოხდეს და არ ხდება ასეთი რამ. არ ვიცი, ვინ იქნება ამ პროცესის გამარჯვებული, ნამდვილად არ ვარ იურიდიული დეტალების საქმის კურსში, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ, რომ გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას თუნდაც ყველაზე არაობიექტურმა სამაუწყებლო სარედაქციო პოლიტიკამ, ვიდრე იმან, რომ ეჭვი გაჩნდეს ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში ქვეყანაში მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მინდა, „რუსთავი 2″-ის ხელმძღვანელობასაც და ყველა იმ ადამიანს მოვუწოდო, ვინც სააწინააღმდეგო პოზიციაზე დგას, ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ უნდა გადააბიჯოს იმ ზღვარს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება, მოგწონს ეს თუ არა მოგწონს იგი, მისაღები იქნება ყველასთვის, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს დგას ეს ადამიანი” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...