გიორგი კვირიკაშვილი: ყველა ვაცნობიერებთ, რამდენად დიდი გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო

„ის, რომ საქართველოში დღეს მშვიდობიანი ვითარებაა და ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულებაა”, – ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ დიპლომატებს დიპლომატის დღე მიულოცა.

კვირიკაშვილმა, საქართველოს მთავრობის სახელით მათ მადლობა გადაუხადა და კიდევ უფრო წარმატებული საქმიანობა უსურვა.

„უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც ქართველი დიპლომატები აღვნიშნავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულს. ეს არის შესანიშნავი საშუალება, ერთად შევიკრიბოთ და კიდევ ერთხელ სრულად გავიაზროთ დიპლომატის პროფესიის მნიშვნელობა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა გასული წელი გაიხსენა, როდესაც დიპლომატის დღე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში აღნიშნა და პირადად დარწმუნდა, რამდენად დიდი როლი აკისრია საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, მისი იმიჯის შექმნაში და საერთაშორისო მოკავშირეების, პარტნიორებისა და მეგობრების მოძიებაში.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოკავშირეების, მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების თანადგომა საქართველომ კიდევ ერთხელ 8 და 30 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების დროს იგრძნო.

„ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ არჩევნების მსვლელობის ობიექტური შეფასება და მრავალრიცხოვანი საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები ცხადყოფს, რომ ქვეყანამ გადადგა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ საქართველოს გაუმჯობესებული დემოკრატიული სტანდარტები საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის შემდგომი წარმატებების მომტანი იქნება. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო მდგომარეობაზე მორგებული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ, რამდენად დიდი გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო და რამხელა რისკებს შეიცავს მცირე სახელმწიფოსათვის მსოფლიო პოლიტიკაში ნებისმიერი სახის ცვლილება. ის, რომ საქართველოში დღეს მშვიდობიანი ვითარებაა და ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, არის ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულება. მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით, დიდი მადლობა მოგახსენოთ ამისთვის და მომავალში კიდევ უფრო წარმატებული საქმიანობა გისურვოთ”, – მიმართა პრემიერმა დიპლომატებს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი დასკვნით ფაზაში შევიდა – რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტმა მოუწოდა ევროკავშირის საბჭოს, რომ მან, შემდგომი დაყოვნების გარეშე დაიწყოს სამმხრივი მოლაპარაკებები შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის უზრუნველყოფისათვის.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საგარეო უწყებასთან ერთად, მთელი მთავრობა მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს ამ საკითხის უახლოეს დროში წარმატებით დასრულებისკენ.

„ეს გადაწყვეტილება, რომელსაც მოუთმენლად ელის ჩვენი ხალხი, ჩვენი დიპლომატიისა და მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამსახურება იქნება. ამასთანავე, ეს იქნება ჩვენი დიდი ევროპული ოცნების აღსრულება და ევროპისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს სწორედ ის გზაა, რომელსაც ჩვენმა დიდმა წინაპარმა სულხან-საბა ორბელიანმა ჩაუყარა საფუძველი და შემთხვევითი სულაც არ არის, რომ დიპლომატის დღე ემთხვევა ამ დიდი, პროევროპელი მოღვაწის დაბადების თარიღს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ქვეყნის როლზე მსოფლიო ეკონომიკაში.

„მოგეხსენებათ, დღევანდელ სამყაროში რამდენად არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან ყველა ქვეყნისა და რეგიონის ბედი. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჩვენს ქვეყანას სასურველ პარტნიორად აქცევს ევროპისა და აზიის მრავალი სახელმწიფოსთვის. საქართველოს მთავრობას შეუძლია, სამართლიანად მოიწონოს თავი ჩვენი ქვეყნის კავშირების გაღრმავებით ჩინეთთან და აზიის სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოებთან, რაც ერთიორად ზრდის საქართველოს როლს მსოფლიო ეკონომიკაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ ახალი კავშირების დამყარებასა და გაძლიერებაში ქართული დიპლომატიის ღვაწლი დიდად დასაფასებელია.

პრემიერმა უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების მხრივ მთელი რიგი მაჩვენებლებით ჩვენი უდავო პროგრესის მიუხედავად, საქართველო არის ქვეყანა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია და რომელსაც სერიოზული გამოწვევები აქვს უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის, ასევე, ჟენევის დისკუსიათა ფორმატში მონაწილე ყველა მხარის უდიდესი ძალისხმევისა, მშვიდობიანი გზით მოაგვაროს ეს პრობლემა. ასევე, ჩვენ მივესალმებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სრულიად ახალ დიალოგს, რომლის მონაწილეც, ბუნებრივია, საქართველო აუცილებლად იქნება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ყველა ქართველ დიპლომატს დიპლომატის დღე კიდეც ერთხელ მიულოცა და მადლობა გადაუხადა დაუღალავი შრომისთვის, იმ საქმისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს ინტერესების დასაცავად ეწევიან.

მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ ასეთი მაღალპროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული დიპლომატიური სამსახური უახლოეს წლებში წარმატებით დაძლევს ქვეყნის წინაშე არსებულ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს.

დიპლომატის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას თბილისის საკრებულოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წყარო:reportiori.ge

Comments
Loading...