გიორგი მარგველაშვილი – არაფერი დაუშავდებათ ჩვენს პატივცემულ კანონმდებლებს, თუ შეცვლიან რეფერენდუმის შესახებ კანონს

იმისთვის, რომ ტარდებოდეს რეფერენდუმი და ამან არ შეუქმნას სირთულე არაღიარების პოლიტიკას, რეფერენდუმის შესახებ კანონში შესაცვლელია ფორმულირება, რომელიც იქ წერია – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში განაცხადა, სადაც უპასუხა კითხვას, რატომ თქვა უარი ქორწინების საკითხის კონსტიტუციაში განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე ოკუპირებული ტერიტორიების მიზეზით, როდესაც საქართველოში წლების წინ რეფერენდუმები ჩატარებულა.

”რა განსხვავება იყო მაშინ ჩატარებულ რეფერენდუმსა და ამ ვითარებას შორის, რომელშიც ახლა ვართ? მაშინ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე 2 ”დამოუკიდებელი სახელმწიფო” არ ჰქონდა გამოცხადებული. ეს ტრაგიკული და ისტორიული უკუღმართობა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ, მოხდა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან მაშინ ასე მძიმედ არ იდგა არაღიარების პოლიტიკის გაღრმავების საკითხი. არაღიარების პოლიტიკა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ვექტორი და აქედან გამომდინარე, ამ პოლიტიკას არაფრის დიდებით არ უნდა შევუქმნათ პრობლემები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მომხრეა რეფერენდუმების ჩატარების, თუმცა ამ რეფერენდუმმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას არაღიარების პოლიტიკას.

”არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც ზედაპირულ განცხადებებს აკეთებს ჩემს კომენტარებთან მიმართებაში, არ ითვალისწინებს იმას, რომ მე ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც კარგი იქნება მათ გაიგონ. მე ვთქვი, რომ რეფრენდუმი კარგი მოვლენაა, მაგრამ იმისთვის, რომ ტარდებოდეს რეფერენდუმი და ამან არ შეუქმნას სირთულე არაღიარების პოლიტიკას, რეფერენდუმის კანონში შესაცვლელია ის ფორმულირება, რომელიც იქ წერია. იქ წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. არაერთი კანონი იქნა სწორედ ამ ლოგიკით გასწორებული და არაფერი არ დაუშავდებათ ჩვენს პატივცემულ კანონმდებლებს, თუ აქედან გამომდინარე შეცვლიან რეფერენდუმის კანონს, მოიყვანენ მას შესაბამისობაში არსებულ პრობლემურ ვითარებასთან”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ქორწინების საკითხზე სარეფერენდუმო კითხვას, პრეზიდენტის თქმით, ამ კითხვაზე გაცემული აქვს პასუხი სამოქალაქო კოდექსს.
”შესაბამისად, მე ვკითხულობდი და დღესაც ვკითხულობ, თუ სამოქალაქო კოდექსი ისე განსაზღვრავს ვითარებას, როგორც კითხვა იყო დასმული რეფერენდუმში, რისთვის იყო დაგეგმილი ეს რეფერენდუმი? რატომ უნდა დამეყენებინა ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ყველა ქართველი დიპლომატი თავგამოდებით ემსახურება?”, -განაცხადა პრეზიდენტმა.

Comments
Loading...