გიორგი მარგველაშვილი – ჩვენი სახელმწიფოებრიობის ევროპული გზა უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტელებზე გადის

ჩვენი სახელმწიფოებრიობის ევროპული გზა უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტელებზე გადის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 99 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, სტუდენტებისა და პროფესურის ხმა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობს დებატები საზოგადოებაში, უფრო აქტიურად უნდა ისმოდეს.

„ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას სწორედ უნივერსიტეტის, განათლებული ადამიანების და მათი დისკუსიის შედეგად მივაღწევთ. როცა ვსაუბრობთ ევროპულ სახელმწიფოებრიობაზე, ევროპულ კულტურაზე და იმაზე, რომ საქართველო ამ კულტურის ნაწილია, ჩვენ ისიც უნდა ხაზგასმით გავიხსენოთ, რომ ევროპული კულტურა, ევროპული ცივილიზაცია სწორედ ევროპაში საუნივერსიტეტო ცხოვრების ირგვლივ შეიქმნა. ის სულიერი დებატები, რაც ხორციელდებოდა ევროპის ისტორიაში, სწორედ პირველი უნივერსიტეტების წიაღში ხორციელდებოდა. შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ევროპული გზა ნამდვილად უნივერსიტეტზე, უნივერსიტეტელებზე გადის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, უნივერსიტეტი დაარსების დღიდან იყო ქართული მეცნიერების, სულიერების, საზოგადოებრივი ცხოვრების, სახელმწიფოს განვითარების ადგილი. „მაშინაც კი, როდესაც საქართველოს არ ჰქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, როდესაც ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი, სწორედ აქ, უნივერსიტეტის კედლებში ცოცხლობდა იდეა დამოუკიდებელი საქართველოსი და სწორედ აქ, უნივერსიტეტის კედლებიდან სტუდენტები და პროფესურა იწყებდა იმ მოძრაობას, რომელმაც 25 წლის წინ ჩვენ დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან თსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტის იუბილე მიულოცა, რექტორსა და ბიბლიოთეკას კი საჩუქრად საქართველოს კონსტიტუცია გადასცა.

ipn.ge

Comments
Loading...