გიორგი მარგველაშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებები – ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, ასოცირების შეთანხმების შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, განიხილეს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს საქართველოს ინტეგრაციული პროცესებისა და განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში მყარი მხარდაჭერისთვის.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების საკითხზე ისაუბრეს, რომელიც ნოემბერში, ბრიუსელშია დაგეგმილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, კომისარმა  აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველოს გამორჩეული როლი აღნიშნა .
ასევე ცნობილია, რომ მხარეებმა იმ საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო, ხოლო თავის მხრივ ევროკომისარმა ისაუბრა, ცვლილებების განხილვის პროცესში ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და ფართო კონსენსუსის განხორციელების აუცილებლობაზე.

Comments
Loading...