გიორგი მარგველაშვილი: მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში

საქარველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2″-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

„რუსთავი 2″-ის საქმის ირგვლივ 2 კვირის წინ შექმნილი დაძაბული ვითარება საზოგადოების ყველა სეგმენტის აქტიურობით განიმუხტა.

თუმცა, დღეს ისევ რთული გარემოების წინაშე აღმოვჩნდით, რაც ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და საერთაშორისო რეპუტაციას აზარალებს – ამ შეფასებებში ერთიანია საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, დიპლომატები, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, მათ შორის მმართველ კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაწილიც.

მივმართავ მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს – თავი შეიკავონ არადიპლომატიური გამონათქვამებისაგან და სიტუაციის შეფასებისას ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ ფორმალური განცხადებებით.

მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა.
გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად.
აწარმოოს დიალოგი საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია.

ჩვენ არ შევდივართ კონკრეტული სამართლებრივი დავის განხილვაში, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ განვითარებული პროცესები უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის შიდა ვითარებაზე, ასევე ჩვენს საგარეო იმიჯზე.

უმნიშვნელოვანესია, რომ არავის დარჩეს კითხვები საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით.

ჩვენი ვალია – უზრუნველვყოთ და დავიცვათ კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო, სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლება, საკუთრების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, არჩევანის თავისუფლება.
ჩვენი ვალია, გავაძლიეროთ და არ დავაზარალოთ ქართული სახელმწიფო”
, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.