გიორგი მარგველაშვილი: პროკურატურის სისტემური რეფორმა უნდა განხორციელდეს

“შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები არსობრივად მხოლოდ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესება-გათავისუფლების ახლებურ რეგულაციებს შეეხო. უნდა განხორციელდეს პროკურატურის სისტემური რეფორმირება, განსაკუთრებით ანგარიშვალდებულების და ინსტიტუციური პასუხისმგებლობის კუთხით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმ გიორგი მარგველაშვილმა პარლამეტში წლიური ანაგრიშით გამოსვლისას განაცხადა.

“ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილად მიმაჩნია საპროკურორო საბჭოს დაეკისროს პროკურორების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება. ამასთან, გაძლიერდეს საბჭო სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლის მეცნიერთა მონაწილეობით. ასევე, უნდა გაგრძელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა.

კრიმინალთან ბრძოლა არასდროს სრულდება. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრობენ და რომ კრიმინალი მარგინალიზებული და მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის.

ამასთან ერთად საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა არ უნდა ხორციელდებოდეს უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია თავად ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა და მათი ჩართულობა კრიმინალთან ბრძოლის პროცესში. ამიტომ – გავაღრმავოთ რეფორმა, დავაახლოვოთ საზოგაოება და სამართალდამცავი, შევქმნათ მარეგულირებელი და მაკონტროლებელი სრულყოფილი სამართლებრივი ბაზა:, – განაცხადა პარლამენტში პრეზიდენტმა.

Comments
Loading...