გიორგი მარგველაშვილმა და იოჰანეს ჰანმა მოწვეულ სტუმრებთან დისკუსია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი პრეზიდენტის სასახლეში დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა, გიორგი მარგველაშვილმა და იოჰანეს ჰანმა მოწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხეს. შეკითხვები საქართველოს ევროინტეგრაციის და ვიზალიბერალიზაციის პროცესს შეეხო. ექსპერტები დაინტერესდნენ იოჰანეს ჰანის მოსაზრებებით რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ტერორიზმთან დაკავშირებით. გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიტიური შედეგი ექნება. “ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ვაფასებთ, არის თუ არა ქვეყანა მზად მის მისაღებად. ჩვენ არ ვარჩევთ, დიდია ეს ქვეყანა, თუ პატარა, ტერიტორიულად ახლოს არის ევროკავშირთან თუ არა. მინდა, ვთქვა, რომ საქართველო კარგად მოქმედებს. რა თქმა უნდა, არ შემიძლია, ვიწინასწარმეტყველო ვიზალიბერალიზაციის იმ ანგარიშის შესახებ, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება, მაგრამ მჯერა, რომ პოზიტიური შედეგი იქნება. ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. უნდა გავიგოთ, რომ ამას დრო სჭირდება”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და დასტაბილურებისათვის.

“მნიშვნელოვანია, როგორია მართლმსაჯულების სისტემა, მედიის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება – მოკლედ, ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია ევროპელობის გარანტიისთვის. ამ კუთხით პოზიტიურ განვითარებას ვხედავ. ასევე მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და პრეზიდენტს პირადად მადლობა გადავუხადო იმ ჩართულობისთვის, როდესაც ის ცდილობდა სიტუაციის დასტაბილურებას და დამშვიდებას. იზრუნა, რათა დარწმუნებულიყო, რომ კანონის უზენაესობის პრინციპებსა და სტანდარტებს პატივს სცემენ. ეს არის ქვეყნისთვის საუკეთესო გარანტია, რომ დავაფასოთ და დავინახოთ ქვეყანა, როგორც ევროკავშირის თანასწორი პარტნიორი”, – თქვა ჰანმა.

საქართველოს პრეზიდენტის და იოჰანეს ჰანის შეხვედრა დიპლომატებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთ საათს გაგრძელდა.

Comments
Loading...