გიორგი მარშანია: „ვერ ვხვდები, ასე როგორ ცხოვრობთ ქალები!“

„წელს თეატრს დიდ დროს დავუთმობ“, – გვითხრა მსახიობმა გიორგი მარშანიამ, რომელიც ფართო საზოგადოებამ ტრანსგენდერი ნინოს როლით გაიცნო, თუმცა მანამდეც საკმაოდ ბევრი საინტერესო როლი შეუსრულებია, ცნობილი ტელეშოუების სცენარებიც გაუკეთებია და საკუთარი „ველოსიპედიც“ აქვს…

„რომეო და ჯულიეტა 30 წლის შემდეგ“ მსუბუქი კომედიაა, სადაც ლორენცოს როლს ვასრულებ და საკმაოდ მნიშვნელოვანი სათქმელია გადმოცემული. გარდა ამისა, უკვე მესამე წელია „ჯინსების თაობაში“ ვარ დაკავებული. ავთო ვარსიმაშვილის სტუდენტმა, რეჟისორმა მარიამ გაგლოშვილმა თავისავე პიესაში დამაკავა. თუმანიშვილის თეატრში „უდღეური დღეობა“, რომელიც ნინი ჩაკვეტაძემ დადგა, გიორგი ყიფშიძესთან, ქეთი ასათიანთან და ანა ნიკოლაიშვილთან ერთად ვთამაშობ. მაგისტრატურაზე სარეჟისოროზე ვსწავლობ. მალე ნაწყვეტების დადგმაზეც ვიფიქრებ, – აღნიშნა გიორგიმ ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომელიც „თავისუფალ თეატრში“ შედგა.

– „ჩემი ცოლის დაქალებში“ ტრანსგენდერის როლზე დათანხმებამდე, პირველ რიგში, რაზე დაფიქრდით?
– რამდენიმე ნიუანსზე მომიწია დაფიქრება. მამაკაცი, რომელიც ეკრანზე ქალის ჩაცმულობით ჩნდება, სასაცილო არ უნდა ყოფილიყო. როცა პერსონაჟი ტრაგიკულია, ამ დროს მკაცრი ზღვარია დასაცავი, რომ ის არ იყოს ყალბი. ტრანსგენდერის როლის შესრულება პროფესიულად ძალიან სარისკო იყო, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს და ვიცოდი, რომ წინ საინტერესო სამუშაო მელოდა. ამიტომაც გავრისკე.

– გადაღების პირველი დღეები როგორ გახსენდება?
– რთული იყო, რადგან არ ვიცოდით, რა გამოგვივიდოდა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მორგება ძალიან გამიჭირდა. პატარაც მქონდა და სიარულიც არ აღმოჩნდა ადვილი. ჩემთვის წვერის გაპარსვაც დიდი დისკომფორტია. იშვიათად ვიპარსავ. სერიალის გამო ესეც მომიწია და ეპილაციაც გავიკეთე, თუმცა ამაზე ნაკლებად ვფიქრობ, რადგან გარეგნული ცვლილებები პროფესიის შემადგენელი ნაწილია.

– მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მორგება უფრო გაგიჭირდა თუ ბიუსტჰალტერის?
– ფეხსაცმლის უფრო გამიჭირდა. ბიუსტჰალტერს მალე მივეჩვიე  – შეკვრასაც და გახსნასაც დამოუკიდებლად ვახერხებ უკვე. ყველაზე საშინელი პროცესი გრიმის კეთებაა, რაც, მინიმუმ, 20 წუთი მაინც გრძელდება. თავლების დახატვა ხომ საშინელება ყოფილა! საერთოდ ვერ ვხვდები, ასე როგორ ცხოვრობთ ქალები, როცა დღეში 12 საათი გაქვთ და საათნახევარს მაკიაჟის კეთებაში ხარჯავთ! ახლა უფრო მეტად დავაფასე ბუნებრიობა.

– ნინოს გმირს როგორ ეხმაურება მაყურებელი?
– უმეტესობა შემწყნარებლური კომენტარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ასეთი ადამიანების მიმართ აგრესიას გმობს. ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად ვმგზავრობ და უარყოფითი დამოკიდებულება ჯერ არავისგან მიგრძნია. რამდენიმეჯერ ისიც მითხრეს, რა ნიჭიერი ყოფილხარ, რა კარგად ასრულებო. მიხარია, როცა მაყურებელი მე კი არ მაქებს, ჩემს პროფესიონალიზმს აფასებს. ჩემი პედაგოგი, შალვა გაწერელია გვასწავლიდა, ყველა ვერ იქნება კარგი მსახიობი, მაგრამ თეატრალური უნივერსიტეტიდან ყველა კარგი მაყურებელი რომ გახვიდეთ, ეს უკვე დიდი მიღწევა იქნებაო. კარგი მაყურებელი რომ იყო, ამასაც დიდი ნიჭი სჭირდება.

– შენთვის მხოლოდ შენი პროფესია შემოსავლის წყარო?
– ასეა, თუმცა თეატრშიც დაბალი ხელფასებია და არც ტელევიზიაშია სახარბიელო მდგომარეობა. ჩემს პროფესიად მხოლოდ და მხოლოდ მსახიობობას არ მივიჩნევ. სცენარისტადაც ვიმუშავე ჯერ „იმედზე“,  სერიალ „კლინიკაში“ , შემდეგ  კი „რუსთავი 2“-ში, „კომედი შოუსა“ და „ვანოს შოუში“. ამჟამად საკუთარი ანიმაციური სტუდია „ველოსიპედი“ მაქვს. სცენარსაც ვწერ, სარეკლამო შეკვეთებსაც ვიღებ.

– სტუდია „ველოსიპედზეც“ გვიამბე…
– საბავშვო მულტფილმებს ვქმნით. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე დაფინანსება არ გვაქვს და ყველაფერს ენთუზიაზმით ვაკეთებთ. ჩემს მეგობარ, კარიკატურისტ კემოსთან ერთად დავიწყე. დროთა განმავლობაში სხვებიც შემოგვიერთდნენ, მათ შორის – ძალიან მაგარი მხატვარი, რუსკა ყვავაძე, ანიმატორი თამუნა ზარქუა, გიორგი გაგლოშვილი, გიორგი და ელინა ფოფხაძეები… სამწუხაროდ, ამ ნიჭიერი ადამიანების სახელები და გვარები ბევრისთვის არაფერს ამბობს. სინამდვილეში კი მათ კარგი პროდუქტის შექნა შეუძლიათ.
ყველაზე გახმაურებული და წარმატებული პერსონაჟი ჟირაფი ჟოზე გახლავთ, რომელიც საბავშვო სიმღერებს მღერის. ვცდილობთ, სპონსორებს დავაჯეროთ, რომ ბავშვებს ადგილობრივი პროდუქტიც სჭირდებათ. გასაგებია, რომ უცხოური მულტფილმები მოსწონთ, მაგრამ რაც არ უნდა მაღალი ხარისხის იყოს, პატარას თავისი კულტურის შემადგენელი პროდუქტი სჭირდება. ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ მშობლის მერე მისაბაძი და კომპეტენტური მათთვის მულტფილმის გმირია. ჩვენ მიერ შექმნილ ერთ-ერთ მულტფილმს ინტერნეტში ორ მილიონამდე ნახვა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა არის. ჟოზეს სიმღერებს აქამდე იუმორისტი მიშკა ცინცაძე აკეთებდა. ახლა კი მის რეპერტუარზე „რეზო და ბავშვების“ წევრები, რეზო ბლიაძე და ლელო ხოტივარი ზრუნავენ. მათ გარდა, ბევრი მეგობარი მიდგას გვერდით.

– ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
– „კომედი შოუდან“ რომ წამოვედი, ერთწლიანი ჩავარდნა მქონდა. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ ბევრი გულშემატკივარი მყოლია. მეგობრები, ჯგუფელები, ლექტორები… განსაკუთრებით კი ბებო მგულშემატკივრობს, რომელსაც გამუდმებით აინტერესებს, რომელ ჟურნალშია ჩემი ინტერვიუ და რამდენი წუთი ვჩანვარ ეკრანზე.

– ვიცით, რომ ცოლი არ გყავს. ორი სიტყვით ისიც გვითხარი, როგორი გოგოები მოგწონს?
– ჩამოყალიბებული კრიტერიუმები არ მაქვს, თუმცა ვიცი, რომ ჩემთვის ქალი კაბაშია ყველაზე მომხიბვლელი.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
Comments
Loading...