გიორგი ოქროპირიძე მის საქმეზე მოწმის სახით სახალხო დამცველის დაკითხვას ითხოვს

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე მის საქმეზე მოწმის სახით სახალხო დამცველის დაკითხვას ითხოვს. როგორც ოქროპირიძემ საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განაცხადა, სახალხო დამცველს რამდენიმე მოსაზრება და დასკვნა აქვს წარმოდგენილი ოქროპირიძის საქმესთან დაკავშირებით და მისი დაკითხვა სწორედ ამ მოტივით ღირს.

ბრალდებულმა დღეს დააყენა აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის, მედეა ვასაძის დაკითხვის შუამდგომლობა. ბრალდებულმა დღევანდელ პროცესზე სასამართლოს ასევე მიმართა შუამდგომლობით, რომ მისი და სხვა მოწმეების დაკითხვა მოხდეს სიცრუის დეტექტორის გამოყენებით. ოქროპირიძემ სასამართლოს შესთავასა, რომ სიცრუის დეტექტორს მისი მეგობარი მიიტანს სასამართლოში და ამ მხრივ პრობლემა არ იქნება.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები, მათ შორის რამდენიმე სატელევიზიო სიუჟეტი. შუამდგომლობებზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ხვალინდელ პროცესზე მიიღებს. დღევანდელი სხდომა კი დასრულებულია. ხვალ ოქროპირიძის წინააღმდეგ საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების პირობებში 11:00 საათზე განახლდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.