გიორგი ქადაგიძე “რუსთავი 2″–ს მხარდაჭერას უცხადებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს და მის ჟურნალისტებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ქადაგიძემ გადაცემა „ბიზნესკონტაქტში“ განაცხადა, სჯობს, გქონდეს ცუდი კანონები და კანონის უზენაესობა, ვიდრე იყოს საუკეთესო კანონები და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

„რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი სრული მხარდაჭერა დავაფიქსირო ამ ტელეკომპანიის და მისი ჟურნალისტების მიმართ. ასევე, მინდა ვთქვა, რომ საერთოდ ჯობია, გქონდეს მსოფლიოში ყველაზე ცუდი კანონები და არსებობდეს კანონის უზენაესობა, ვიდრე გქონდეს საუკეთესო კანონები და კანონის უზენაესობა რაიმე ფორმით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, – განაცხადა ქადაგიძემ.

რაც შეეხება კითხვას – შეიძლება თუ არა, „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა იქონიოს გავლენა ლარის კურსზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ლარის კურსი ზოგადად, ეკონომიკურ აქტივობას ასახავს.

ამასთან, ქადაგიძე იმედს გამოთქვამს, რომ პროცესები ესკალაციის გზით არ წავა.

Leave A Reply

Your email address will not be published.