გიორგი ვაშაძე: 7 ნოემბრის გაკვეთილი ვერ მიიღო “ქართული ოცნების” ხელისუფლებამაც

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა იზოლაციის მიჰყავს.

„საქართველო შეიძლება სრულ იზოლაციაში მოექცეს და ამისკენ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს მიჰყავს. ყველა ჩვენი პარტნიორი, ყველა ჩვენი მეგობარი გვეუბნება, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის ნაბიჯი გადადგმული ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ეს არის ნაბიჯი, რომელსაც მკვეთრი რეაგირება მოჰყვება ჩვენი მეგობრების მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ ასოცირების შეთანხმება, ევროინტეგრაცია და ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ქვეყანა უნდა ჩავკეტოთ“, – განაცხადა ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, ის არ აპირებს უკან დახევას. „მე პირადად ჩემს თანაგუნდელებთან და ყველა იმ მოქალაქესთან ერთად ვინც ფიქრობს, რომ დღეს მართლაც გადამწყვეტი მომენტია, ვიდგები ბოლომდე კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად. მშვიდობიანი მეთოდებით ვაიძულოთ ხელისუფლება ხელი აიღოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისგან, ხელი აიღოს და დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოს. მე ვიდგები „რუსთავი 2“-თან და არ დავუშვებ იმას, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილება აღსრულდეს, რადგან ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ აღსრულების დაუყოვნებლივი მექანიზმი არ არსებობს.

დღეს არის 7 ნოემბერი და როგორც ჩანს, ეს გაკვეთილი ვერ მიიღო ვერც ქართული ოცნების ხელისუფლებამ და როგორც ჩანს პირიქით ისინი ცდილობენ უფრო უარესი ნაბიჯები გადადგან“, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.