გიორგი ვაშაძე: ჩვენ ვართ ახალი „ნაციონალური მოძრაობა“

„დიახ, ჩვენ ვართ ახალი „ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც შეძლებს ქვეყანაში რეალური რეფორმების გატარებას” – ასე გამოეხმაურა გიორგი ვაშაძე ახალი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ შეფასებებს.
მისი თქმით, ბოლომდე ცდილობდნენ “ნაციონალური მოძრაობის” რეფორმირებას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.
„ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელ ლიდერებს საერთოდ გააზრებულიც კი არ აქვთ შეცდომები და პრობლემები, რაც იყო დაშვებული თავის დროზე. მეტიც, ვფიქრობ, რომ კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის, თუ ეს „ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებს. რაც შეეხება პირადად ჩემს საკითხს, დიახ მე ბევრი ლიდერისგან განსხვავებით, რომელიც „ნაციონალურ ნოძრაობაში” დარჩა, ჩემი ხელებით მიკეთებია რეფორმები იუსტიციის სახლებში, სხვადასხვა რეფორმები. მაგალითად, დათო ბაქრაძე ერთადერთი, რითიც გამოირჩევა, ყოველთვის თავს არიდებს საჭირბოროტო, თუ პრობლემურ საკითხებზე საუბარს. მე არ ვიცი, ამ ადამიანს რა ფუნქცია აქვს ქვეყანაში. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სხვადასხვა რეფორმებთან დაკავშირებით, თუ რეფორმები, იუსტიციის სახლების მშენებლობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეკონომიკური ზრდა, არის „ნაციონალური მოძრაობა”, ჩვენ მზად ვართ, ვთქვათ, რომ დიახ, ჩვენ ვართ ის „ახალი ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც შეძლებს ქვეყანაში რეალური რეფორმების გატარებას”,-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

წყარო: ინტერფაქსნიუსი

Comments
Loading...