„გირჩის“ ადვოკატი: გული მწყდება, რომ ჩვენს მცენარეებს წაიღებენ და არ ვარ დარწმუნებული, რომ სათანადოდ მოუვლიან

„ახალი პოლიტიკური ცენტრის – „გირჩის“ ადვოკატი იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ 31 დეკემბერს გამართული აქციის მონაწილეები გამოკითხვაზე დაიბარონ.

ადვოკატის განცხადებით, ამ დროისთვის, „გირჩის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები და კანაფის დალუქვა მიმდინარეობს, რომელიც 31 დეკემბერს, ამავე ოფისში დათესეს.

მისივე ინფორმაციით, დალუქულ მცენარეებს სავარაუდოდ, ექსპერტიზაზე გადაიტანენ.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სათითაოდ ხდება ყველა ფოთლის აღწერა, დალუქვა და მათზე ოქმის შედგენა. ჩვენ ამ ყველაფერს ველოდით და მშვიდად ვართ. გული მწყდება, რომ ჩვენს მცენარეებს წაიღებენ და არ ვარ დარწმუნებული, რომ სათანადოდ მოუვლიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩის“ ოფისში სამართალდამცველები რამდენიმე საათის წინ მივიდნენ. საგამოძიებო მოქმედებებს, როგორც ადვოკატი, ასევე ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე აკვირდება.

Comments
Loading...