გისოსებს მიღმა დარჩენილი ძაღლების ცხოვრება

გისოსებიდან სევდიანი და თან მოსიყვარულე თვალებით მზერას აყოლებენ გამვლელს თუ გამომვლელს. ზოგი ტერიტორიის დაცვას ცდილობს და ყეფს, ზოგიც ყველა უცხო ადამიანში პატრონს ეძებს… ფეხს შედგამთ და ყეფაც შეწყდება. ერთმანეთს ამცნობენ, რომ სტუმარი ჰყავთ და შეიძლება რომელიმე მათგანს გაუმართლოს კიდეც. აქ ყველა მზრუნველ პატრონს ელოდება.

ძაღლები თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში სხადასხვა მიზეზებით ხვდებიან. ზოგი ქუჩიდან, ზოგიც კი თავად პატრონს, ხშირ შემთხვევაში იმ უბრალო მიზეზით მიჰყავს, რომ გაიზარდა და მოვლა გაუჭირდა ან მისი ოთხფეხა მეგობარი ცელქი აღმოჩნდა. ,,ლეკვი რომ იყო, ცოტას ჭამდა, გაიზარდა და ძალიან ბევრს ჭამს“ , ,,გასეირნების დრო არ მაქვს და სახლში ისაქმებს“ – ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც თავშესაფრის კართან ოთხფეხა მეგობრებით ხელში თავს იმართლებენ.

თავშესაფარში ძაღლის ჩაბარების მსურველი არ წყდება. თითოეულ მათგანს კართან აფრთხილებენ, რა შეიძლება მოჰყვეს ოთხფეხა მეგობრის მიტოვებას. ზოგს ეცოდება და უკან მიჰყავს, ზოგიც იმეტებს… ასეთ შემთხვევებში თავშესაფრის თანამშრომლები ეძებენ გზებს, როგორ შეიძლება ძაღლს პატრონთან განშორების სტრესი შეუმსუბუქონ. აქ ყველა ძაღლს უვლიან და ეფერებიან. განსაკუთრებული სითბოთი კი პატრონისგან მიტოვებულებს ეპყრობიან.

,,პატრონის მიერ მიტოვებული ძაღლის ცხოვრება, ხშირ შემთხვევაში ტრაგიკულად სრულდება. რამოდენიმე მათგანი დეპრესიაში ჩავარდა და გული გაუსკდა. ოთახში გაზრდილი ძაღლი, მოულოდნელად თავშესაფარში, გაშლილ სივრცეში რომ აღმოჩნდება, საჭმლისა და წყლის მიღებას კრძალავს, საკუთარ თავში იკეტება და არის შემთხვევები როცა აგრესიულებიც ხდებიან. ეს მაშინ ხდება, როცა პატრონს არასწორად ჰყავს გაზდილი“- გვიყვება თავშესაფრის დირექტორი, თეიმურაზ მამოევი.

თაშესაფრის ბინადრების დათვალიერება, ნებისმერ მსურველს შეუძლია, თუმცა ოთხფეხა მეგობრის წაყვანის უფლება, მხოლოდ იმ ადამიანს აქვს, ვინც გასაუბრებას წარმატებით გაივლის. ამის შემდეგ კი, თვეში ერთხელ თავშესაფრის თანამშრომლები გაჩუქებული ძაღლების მდგომარეობას ამოწმებენ. თუ აღმოჩნდა, რომ ოთხფეხა მეგობარს დაპირება არ შეუსრულეს, თავშესაფარში ბრუნდება და ისევ ახალ პატრონს ელოდება.

,,თუ ვინმეს ძაღლი ტერიტორიის დასაცავად სჭირდება და პატიმრობაში უნდა ჰყავდეს, ამ შემთხვევაში არ ვჩუქნით. მსურველს ძაღლს მაშინ ვატანთ, როცა ვხვდებით, რომ ნამდვილად უყვარს და მოუვლის“ – გვიყვება თეიმურაზ მამოევი.

ამ ეტაპზე თავშესაფარში 370 ძაღლი, 88 ლეკვი და 2 ქართული მურა დათვი ცხოვრობს. თითოეულ მათგანს თავის ისტორია აქვს.

,,5 თვის ქართული ნაგაზი, რომელიც პატრონს აგარაკზე 1,5 მეტრიან ჯაჭვზე ჰყავდა დაბმული. უკანა ფეხზე დახვევია და ისე გაუქაჩავს, ფეხი მოუტეხავს. ჯაჭვშემოხვეულსა და მშიერს 10 დღე გაუტარებია. პატრონმა თავშესაფარში მიიყვანა და დატოვა. ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა განგრენა ეწყებოდა და ექიმებმა ფეხის შენარჩუნება ვერ შეძლეს. სამი კიდურით განაგრძობდა ცხოვრებას, მაგრამ ვერეს ხეობაში 13 ივლისის სტიქიამ შეიწირა.
პატრონის მიერ მიტოვებული ძაღლის ცხოვრება, ხშირ შემთხვევაში ტრაგიკულად სრულდება. როცა ძაღლი პატრონთან წლებს ატარებს და თავშესაფარში ტოვებს, ასეთი საქციელი გაუმართლებელია. თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს. თუ პატრონი დაიღუპა და ოთხფეხა მეგობარს მომვლელი აღარ დარჩა, ასეთ დროს თავშესაფარში მოჰყავთ.”

ასეთ ისტორიებს დიდხანს გვიყვებოდა თეიმურაზ მამოევი და საუბრის პარალელურად სატელეფონო ზარებს პასუხობდა, ტელეფონი თითქმის არ გაჩერებულა. სამწუხაროდ, თავშესაფარში ძაღლის დატოვების მსურველი უფრო მეტი იყო, ვიდრე ოთხფეხა მეგობრის წაყვანის.

თავშესაფარში სანამ შეხვალთ, მიმდებარე ტერიტორიაზეც ნახავთ ძაღლებს, ყურზე ნიშნით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სტერილიზებულები არიან. თურმე ყეფის ხმაზე მოდიან. ერთმანეთს ასე ეძახიან, განსაკუთრებით კი ჭამის დროს. საკვებს მიიღებენ თუ არა, იშლებიან, ყველა თავის უბანში მიდის. ასე მეორდება ყოველ დღე, დღეში რამოდენიმეჯერაც.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ძაღლების ჩხუბი ბევრისთვის გართობისა თუ განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ არც არის გასაკვირი თუ თავშესაფარში ჩხუბში დაკბენილ ძაღლსაც ნახავთ, რომელიც პატრონს იქ თავად მიჰყავს. თურმე ძაღლი ბრძოლას თუ წააგებს, პატრონი თვლის, რომ ის უვარგისია და სასიკვდილოდ განწირულს ქუჩაში ტოვებს, რომელიც შემდეგ თავშესაფარში კეთილ ადამიანებს მოჰყავთ.

თავშესაფარიდან ჯიშიანი ძაღლის ჩუქების მსურველი არაერთია, თუმცა მეტისსაც ბევრი ახალი პატრონი აკითხავს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც იციან, რომ ისინი ჯიშიან ძაღლებთან შედარებით რთული პირობების ამტანები არიან და ეზოში თუ აგარაკზე ცხოვრებასაც შეძლებენ.

მოედანი, სადაც ვოლიერებია განთავსებული, სრული თავისუფლებაა. ბინადრებს გარეთ გამოსვლა და ერთმანეთთან თამაში საათობით შეუძლიათ. ასეთი თავისუფლება მათ დეპრესიაში ჩავარდნის საშუალებას არ აძლევს. ვოლიერი 30კვ/მ და 10მ სიმაღლისაა. 370 ძაღლიდან 250 მოედნებზე დარბის. დანარჩენების ვოლიერში ყოფნის მიზეზი, ხასიათია. კავკასიური ნაგაზები სხვა ძაღლებთან კონტაქტში ვერ შედიან. ამიტომ მათზე ზრუნავს ადამიანი, რომელიც ყოველ დილას 46 ვოლიერში მცხოვრები ნაგაზების გასეირნებით იწყებს.

თითო მოედანზე ერთი ძაღლი ლიდერობას ცდილობს და თუ პერსონალი ყურადღებას არ მიაქცევს, არაა გამორიცხული ბუნტის ჩახშობა მოუწიოს. ვოლიერებში ძაღლებს ისე უწევთ ჭამა, რომ ერთმანეთს ვერ ხედავენ. შესაბამისად, ამ დროს ჩხუბის ხმასაც ვერ გაიგებთ.

აქ ძაღლები თამაზ ელიზბარაშვილსაც ელოდებიან. მის მოახლოებას ადრევე გრძნობენ და კართან იწყებენ ლოდინს. მანქანიდან ფეხს გადმოდგამს თუ არა, მოფერების მსურველების რიგი დგება. ბატონი თამაზი ვოლიერში ნებისმიერი ხასიათის ძაღლთან შედის და ეფერება.

თოთოეულ ვოლიერსა თუ მოედანზე, საკანალიზაციო მილსა და სველ წერტილებს, მეორე სართულზე ლეკვებისთვის განკუთვნილ სახლებში კი ცენტრალურ გათბობასაც ნახავთ.

ამ ეტაპზე თავშესაფარში 18 ადამიანია დასაქმებული. თანამშრომლობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ძაღლების სიყვარულია.

13 ივლისის სტიქიის შემდეგ პირველ რიგში რაც სჭირდებოდათ, ეს ტერიტორია იყო, სადაც გადარჩენილ ძაღლებს დააბინავებდნენ. თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში ჯერ კიდევ ბევრი რამ იგეგმება. მათ შორის კლინიკის მშენებლობაც, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ პირველადი დახმარების არის.

 

წყარო: http://pepper.ge

Comments
Loading...