გიცხადებთ, როგორც ზვიად ბერაძის დედა- ტყუილია, რაც კილაძემ მანანას დააბრალა!

– რაც ელისო კილაძემ ცილისწამებით ჩაიდინა, მე მას არც ოჯახში მოვიწვევ და არც ზვიადის საფლავზე!
უმწიკვლო რეპუტაციის მქონე პოლიტპატიმრის — აწ გარდაცვლილი ზვიად ბერაძის სახელი საჯილდაო ქვად გადაიქცა. მასთან მეგობრობით ამჟამად ნაცებთან ღია ალიანსში მყოფი „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე ინიღბება.
სიტუაცია სკანდალურ კულმინაციამდე „ასავალ-დასავალის“ წინა ნომერში გამოქვეყნებულმა ორმა ინტერვიუმ მიიყვანა. ერთი რესპონდენტი პოლიტრეპრესირებული რამაზ გაგნიძე გახლდათ, რომელმაც ელისო კილაძეს ზვიად ბერაძის სახელის ხსენება აუკრძალა, მეორე კი — პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე.
როგორც მოსალოდნელი იყო, ქალბატონი ელისო კილაძე ორივე ინტერვიუს გამოეხმაურა. გაზეთ „ქრონიკა+ “-ის ფურცლებიდან მან რამაზ გაგნიძეს ასე მიმართა: „ხელები შორს ჩემი გარდაცვლილი მეგობრის, ზვიად ბერაძისგან! ჩემი და ზვიადის მეგობრობა შენნაირი ბინძური ადამიანების გასარჩევი არ არის! ჩამოხვალ თებერვალში, ზვიადის დაბადების დღეზე ქუთაისში და პირობას გაძლევ, სახალხოდ გადაგაყლაპებ შენს ინტერვიუს, სწორედ იმ ადამიანების თანდასწრებით, რომლებმაც ჩემი და ზვიადის მეგობრობის ისტორია იციან! კარგად დაიმახსოვრე!“
ელისო კილაძემ არც პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დაივიწყა:„რაც შეეხება მანანა კობახიძის მხრიდან პოლიტიკური პროსტიტუციის კლასიკურ მაგალითს — ის ადეიშვილის პროკურატურის დავალებით, ციხეში პოლიტპატიმარ ზვიად ბერაძეს ესტუმრა და საპროცესო გარიგება შესთავაზა. ჩემი გარდაცვლილი მეგობარი რიგითი პოლიტპატიმარი არ იყო, ის გახლდათ ნინო ბურჯანაძის დეიდაშვილი, მისი გატეხვა კი, უფრო პოლიტიკური აქტი იყო. ჩემმა მეგობარმა ღირსეულად გაუძლო ამ გამოწვევას და მანანა კობახიძემ ადეიშვილის დავალება ვერ შეასრულა!“
რას ფიქრობს ამ ყოველივეს შესახებ ზვიად ბერაძის ოჯახი?
— ამის გასარკვევად ზვიადის დედას დარეჯან მანაგაძეს მივმართე.

დარეჯან მანაგაძე: — გული მაქვს გახეთქილი, ამ ამბების გამო ძალიან შევწუხდი. მანანა კობახიძე არის კეთილშობილი, პროფესიონალი ადამიანი! მე იგი ზვიადის დაპატიმრების შემდეგ გავიცანი. ჩვენს ოჯახს უდიდესი თანადგომა სრულიად უანგაროდ აღმოუჩინა, იმის საშუალებაც არ მომცა, საპასუხოდ მცირე პატივი მაინც მეცა… ჰონორარის აღებაზეც უარი მითხრა. დილის 6 საათზე მოვდიოდი ქუთაისიდან, 10 საათზე უკვე გლდანისციხის კართან ვიყავი. ზვიადთან მისი ადვოკატები — მანანა კობახიძე და ნათია კორკოტაძე შედიოდნენ და სულმოუთქმელად ველოდი ამბის გამოტანას. კვირაში ხუთჯერაც კი შესულა მასთან მანანა კობახიძე. ამ ქალბატონების პატივისცემას, ალბათ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ გადავიხდი!
— ელისო კილაძემ მანანა კობახიძეს „ადეიშვილის აგენტი“ უწოდა. ის აცხადებს, რომ საპროცესო გარიგებაზე დათანხმების მიზნით მანანა კობახიძე ზვიადზე ზეწოლას ახდენდა!
— მანანა კობახიძისთვის ლაფის სროლას არავის ვაპატიებ! აღშფოთებული ვარ იმით, რაც ხდება.
ვინმე ელისასვილმა ყველა პოლიტპატიმარს შეურაცხყოფა მოგაყენათ ოდიოზურები გიწოდათ, ესტაფეტა კი ელისო კილაძემ აიტაცა, ასეთი დამოკიდებულებით, მეორედ მომიკლეს ზვიადი!
გიცხადებთ, როგორც ზვიად ბერაძის დედა — ტყუილია, რაც ელისო კილაძემ მანანას დააბრალა!
საპროცესო გარიგების გაფორმების მიზნით ზვიადზე მართლაც ხდებოდა ზეწოლა, ოღონდ სულ სხვა ადვოკატისგან — ვინმე ზაზა მესხისგან , რომელიც 24 საათი გლდანის ციხის დირექტორის ალეკო მუხაძის კაბინეტში იჯდა და ციხის უფროსსა და პროკურატურას შორის შუამავლის როლს ასრულებდა.
მანანა კობახიძემ სტრასბურგის სასამართლოშიც გაგზავნაკომპეტენტური სარჩელი, შემდეგ კი ბოლომდე იბრძოლა, რათა ზვიად ბერაძეს პოლიტპატიმრის სტატუსი მინიჭებოდა!
რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მანანა კობახი’ეს ასე ცინიკურად ცილი არავინ დასწამოს.
— ელისო კილაძე იმუქრება, რომ რამაზ გაგნიძეს და სხვა პოლიტპატიმრებს პასუხს ზვიადის დაბადების დღეზე, მის საფლავზე გასცემს…
— ძალიან საინტერესოა, რის გაკეთებას აპირებს? იმის მერე, რაც ახლახან ამ ცილისწამებით ჩაიდინა, მე ელისო კილაძეს არც ოჯახში მოვიწვევ და არც ზვიადის საფლავზე!
ზვიად ბერაძე იყო უმწიკვლო ვაჟკაცი, სააკაშვილის რეჟიმს სიცოცხლე შესწირა და რაც ახლა ხდება, მისი სახელის შებღალვის მცდელობად ვაფასებ. ამას არავის ვაპატიებ!
— ქალბატონო დარეჯან, საიდან იღებს სათავეს ელისო კილაძესა და თქვენს განსვენებულ შვილს შორის მეგობრობა?
— მოგეხსენებათ, ელისო კილაძე ქუთაისელია. იგი ჩვენი სახლის სიახლოვეს ცხოვრობდა. მის ძმას გოჩა კილაძეს ვაჟკაც კაცად იცნობს საზოგადოება. იგი ჩემს უმცროს შვილთან მეგობრობდა, მოგვიანებით მათ ზვიადიც შეუერთდათ.
რაც შეეხება ელისო კილაძეს, ვერ ვიტყვი, რომ მასთან ზვიადი ახლოს იყო. კარგი ურთიერთობა კი ნამდვილად ჰქონდათ, მის ძმასთან მეგობრობიდან გამომდინარე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ზვიადი კრწანისის რაიონში, საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა. ამ პერიოდში ელისოსთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. როცა ქუთაისში გადმოვიდა სამუშაოდ, ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაგრამ ახლო მეგობრობას მათ ურთიერთობას მაინც ვერ ვუწოდებ.
20 თებერვალს ზვიადის დაბადების დღეა, რომელსაც უკვე მეორედ ვხვდებით ზვიადის გარეშე. ამ დღეს ზვიადის საფლავზე მისი მეგობრები შეიკრიბებიან. იქ ელისო კილაძე თუ მოვა, საჯაროდ ვკითხავ, რატომ დასწამა ცილი მანანა კობახიძეს და რით ახსნის პოლიტპატიმრებთან უთანხმოებას?! მინდა, ყველა პოლიტპატიმარს თხოვნით მივმართო — გაუფრთხილდით მანანა კობახიძეს, რადგან მან არამარტო ზვიადისთვის , თითოეული თქვენგანისთვის თავგანწირვით , გმირულად იბრძოლა რეჟიმის წინაარმდეგ!

მოამზადა ზაზა დავითაიამ
„ასავალ დასავალი“

Comments
Loading...