გივი თარგამაძე – „ხალხის ნაწილი თვლის, რომ ჩვენ ჭკვიანები, მაგრამ ბოროტები ვართ“

საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ირაკლი შოთაძის პირველ მოადგილედ მამუკა ვასაძე დაინიშნა, მთავარი პროკურტურის საგამოძიებო ნაწილს თეიმურაზ ნაჭყებია უხელმძღვანელებს, ხოლო გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ბაკურ აბულაძე წარადგინეს.

საგამოძიებო ორგანოში მიმდინარე პროცესებზე, for.ge ოპოზიციონერ დეპუტატს, გივი თარგამაძეს ესაუბრა:

პარლამენტმა მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძე დანიშნა და უწყებაშიც საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ქვეყნის მთავარ მბრალდებელს მხარი რატომ არ დაუჭირეთ?

– ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე შოთაძეს დაამტკიცებდნენ, რადგან ეს ბიძინა ივანიშვილის დავალება იყო. შოთაძე არავინ არ არის, ის თავიდან ბოლომდე ოთარ ფარცხალაძეს წარმოადგენს, რომელიც სამწუხაროდ, პროკურატურას ისევ მართავს და დაკავებულია საქმეების „დალაგებით“. ფარცხალაძე ერთ-ერთი ძირითადი რგოლია იმ კონგლომერატში, სადაც ივანიშვილის მეთაურობით ბერა, კალაძე და უჩა მამაცაშვილი შედიან. როდესაც ქონების „დათრევა“ უნდათ, ან ბიზნესმენთან ურთიერთობის „დალაგება“, ამ საკითხს ჯერ მამაცაშვილი არკვევს, შემდეგ მოქმედებებს მონიშნავენ, რომელსაც ფარცხალაძე ახორციელებს. ბიზნესმენებს ფარცხალაძე ხვდება და ცდილობს, რომ გარიგებას მიაღწიოს. იმ შემთხვევაში, თუკი, ფარცხალაძე მიზანს ვერ აღწევს, ამ პროცესში სუს ან პროკურატურა ერთვება, რომლებიც ხალხს აშანტაჟებს.

რაც შეეხება კალაძეს, მას „შავი სამყარო“ და ქურდები აბარია. ბათუმის პორტი თამაშიდან გამოთიშეს და მთელი დატვირთვა მცირე პორტზე გადაიტანეს, სადაც „ლუკოილის“ მფლობელი ქათამაძე მიიყვანეს, რომლის ვიცე-პრეზიდენტად ფარცხალაძე დანიშნეს და აქედან საწვავის ფასის მართვაც შეუძლიათ. მოვლენებს წინ არ გავასწრებ, მაგრამ იმ მასალებს აუცილებლად წარმოვადგენ, მთავარ პროკურატურაში შექმნილ დეპარტამენტს როგორ იყენებენ. ნაბიჯები იდგმევა იმისთვის, რომ ივანიშვილსა და მის გარემოცვას ქონება კიდევ უფრო მოემატოს.

შოთაძემ საკუთარი თავი ჩაანაცვლა და ის დე-იურედან იურუდიული პერსონა გახდა. ის რეალურად, ფარცხალაძის მარიონეტი იყო, ხოლო ბადაშვილი ბუტაფორია. ბადაშვილი ტელევიზორში მას შემდეგ გამოაჩინეს, რაც ხალხმა თქვა, მთავარი პროკურორი ტელევიზორში მაინც გვაჩვენეთო. შოთაძეს ყველა ბერკეტი ხელში მისცეს, რათა ივანიშვილის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. მთავარი პროკურატურა მოსამართლეების მძევლებად აყვანის კანტორად იქცა.

გიგი უგულავას მოსამართლე ავარიით დააშანტაჟეს, ხოლო ურთემელიძე დედის ფაქტორით. დავრწმუნდი, რომ განაჩენის ტექსტებსაც კი შოთაძე წერს, რადგან მან გამოსვლისას ნავთლუღის სისხლიანი სპეცოპერაცია ახსენა, რაც თავის დროზე, მოსამართლე კოჭლამაზიშვილმა თქვა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კოჭლამაზიშვილის ძმა ქვემო ქართლის პროკურორია, რა თქმა უნდა, ეს დამთხვევა არ არის. ახლა შეიძლება, შოთაძე გახარებულია, მაგრამ მას სერიოზული დანაშაულები აქვს ჩადენილი.

როცა ამბობთ, რომ შოთაძეს სერიოზული დანაშაულები აქვს ჩადენილი, შეგიძლიათ, ეს დანაშაულები ჩამოთვალოთ?

– თუნდაც, მოსამართლეების მძევლად აყვანა. გიგი უგულავას ერთდღიანი გამოშვების წინ, მოსამართლის კაბინეტში ის იჯდა და ტელეფონი „სპიკერზე“ ჰქონდა ჩართული, რომლითაც ივანიშვილი მოსამართლეს ულტიმატუმებს უყენებდა.

საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ შოთაძე მოსამართლის კაბინეტში იჯდა?

– ყველა ადამიანს რაღაც წუხილები აქვს. ადამიანი რაც არ უნდა შეაშინო, მათ კეთილსინდისიერება აქვთ. ყველა მართლა ურთმელიძესავით კი არ იქცევა.

ანუ, თქვენ მოსამართლემ გითხრათ, რომ შოთაძე მასთან იყო?

– ამ საკითხს არ დავაკონკრეტებ. დაკითხვაზე მკითხეს, მოქმედ ძალოვანებთან რა ურთიერთობა გაქვსო. ურთიერთობები მაქვს და იმ პირებს არ დავასახელებ, რადგან ისინი ინფორმაციას როგორც დეპუტატს ისე მაწვდიან. რუსლან ბაზიაშვილს ბრალი ვერ წაუყენეს, მაგრამ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თუკი ბრალი ვერ წაუყენეს, ე.ი. მას დანაშაული არ ჩაუდენია და სამსახურში რატომ არ აღადგინეს?

თქვენ ამბობთ, რომ მოქმედი ძალოვანები ინფორმაციას გაწვდიან. რა უფლებით? თქვენი ხელისუფლების პირობებში მსგავსი ინფორმაციები ოპოზიციისთვის რომ მიეცათ, წარმოგიდგენიათ, რას ჩაიდენდით?

– აბა, ჩვენს ოპოზიციას ინფორმაციები ესიზმრებოდა? თქვენ როგორ გგონიათ, მათ ინფორმაციები საიდან ჰქონდათ? – ისეთი ტიპის დანაშაულებს არ ჩავდიოდით, რასაც ესენი აკეთებენ. „ქართულმა ოცნებამ“ სისტემა დააძაბუნა, რომელიც ჩვენს დროს წელში გამართული იყო. ძალოვანებს სამუშაო პირობები კარგი ჰქონდათ. როგორც ვვარაუდობდი, შსს დანამატად გადაიქცა, რომელიც უფუნქციოა. შსს-ში მომუშავე ადამიანებს ღირსება აქვთ და ისინი უწყებაში შექმნილ ვითარებაზე დარდობენ. როცა ეს ადამიანები სისტემაში არსებულ პრობლემებს ხედავენ, ინფორმაციას მაწვდიან. აბა, კანონი რისთვის არსებობს? – სწორედ იმისთვის, რომ ასეთი ხალხი დაცული იყოს. როცა სისტემაში დანაშაული ხდება, ამ ხალხს საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ ინფორმაცია ვიღაცას მიაწოდოს. კანონში წერია, რომ ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს – დეპუტატს და არა ნებისმიერ ადამიანს.

თქვენ თქვით, რომ „ქართული ოცნება“ უფრო მეტ დანაშაულს სჩადის, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა. თქვენი კომენტარი ცინიკურად არ გეჩვენებათ? გულწრფელად გჯერათ, რომ თქვენზე მეტ დანაშაულს ახალი ხელისუფლება სჩადის?

– ამის არათუ გულწრფელად მჯერა, არამედ ამას ყველა ხედავს. ჩვენს პერიოდში ჩადენილი ერთ-ორი დანაშაული იმის საფუძველი გახდა, რომ უკმაყოფილობის ხარისხი მიღწეული ყოფილიყო. ამაზე მეტი ვერც ამ ხელისუფლებამ დაამტკიცა. ქონების „ახევებს“ ტოტალური ხასიათი აქვს. ეს ყველაფერი დაფარული არ იქნება, რადგან საშუალება მაქვს, ეს ადამიანები ვამხილო.

თქვენ დანაშაულად თუნდაც ის კასრები არ მიგაჩნიათ, სადაც ასობით ადამიანის პირადი ცხოვრება იყო გადაღებული და შენახული? ადამიანებისთვის ქონების წართმევა დანაშაული არ იყო? ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა და მიყურადება-მოსმენა დანაშაული არ იყო?

– სრულ განზოგადებაში ნუ გახვალთ. როგორ ამბობენ ხოლმე, 26 ათასი გაუპატიურებული ადამიანი იყოო? მარაზმს საზღვარი ხომ აქვს? ის, რაც კასრებში იყო, არის როგორც დანაშაული და საზიზღრობა, ასევე კატასტროფა. ორგანიზატორები დასჯილნი უნდა იყვნენ და არ არიან. როგორც კი ციხის კადრები გასაჯაროვდა, ყველა დავაპატიმრეთ, ახალმა ხელისუფლებამ კი, ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

თქვენ რიგით საჯარო მოხელეებზე აპელირებთ, მაგრამ გავიწყდებათ, რომ ფარულ ჩაწერებს, პატიმრების წამება-გაუპატიურებას ორგანიზატორები ჰყავდა. პასუხისმგებლობა მინისტრებს არ ეკისრებათ?

– უკაცრავად, მაგრამ მინისტრებმა პასუხი რაზე უნდა აგონ?

იმაზე, რომ მათი თანამშრომლები ადამიანებს აწამებდნენ…

– როდესაც ცნობილი გახდა, რომ პატიმრებს აწამებდნენ, მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ბუტა რობაქიძის საქმეზე პატრულის თანამშრომელმა სასჯელი მოიხადა და ის ცეცხლზე ხომ არ უნდა დაეწვათ? ამ კადრების გამო კალმახელიძეს ციხეში ვერ ჩასვამდნენ. ქვეყანაში ადამიანები ლინჩის წესით ხომ არ უნდა გავასამართლოთ? კარანტინი დანაშაული იყო, მაგრამ დანარჩენი…

„დანარჩენი“ რა იყო?

– ქვეყანაში 26 ათასი გაუპატიურებული ადამიანი რომ არ დადის, ეს ყველას ესმის. 26 გაუპატიურებული ადამიანიდან ერთი მაინც ხომ უნდა გამოვიდეს და ეს თქვას?

რამდენიმე მათგანი გამოვიდა და თქვა, რომ ის გააუპატიურეს...

– ნაწილი იძახის, ჩვენ დაგვხვრიტესო.

„ივანიშვილის დაჯგუფება“ ახსენეთ და მინდა, ჩაგეკითხოთ. მტკიცებულებები გაქვთ, რომ კალაძე, მამაცაშვილი, ბერა და ფარცხალაძე ერთად მოქმედებენ და საქმეებს „ალაგებენ“?

– სისტემაზეა საუბარი. ყველამ იცის, რომ ქვეყანას არაფორმალურად ივანიშვილი მართავს. პირველ ეტაპზე, ივანიშვილის სრული ნდობა „თამაზაშვილის კლანს“ ჰქონდა და ახლა მათი გამწარება სრულიად სამართლიანია. მათი ხელით ყველაზე დიდი საძაგლობები გააკეთეს, ისინი „გადააგდეს“, მაგრამ ბოლომდე არ გაწირეს, რასაც წყალკანალის ბუღალტერის საქმე მოწმობს. ნოდარ ჯავახიშვილისთვის და „მოქალისთვის“ სრული მასალა გვაქვს გადაცემული იმის თაობაზე, რასაც ხოკრიშვილი და შავლიაშვილი ჩადიოდნენ. ბუღალტერი დაიჭირეს და თაროზე შემოდებული გარკვეული საქმეებია, რათა ვინმეს რაღაცის სურვილი არ გაუჩნდეს. კალაძის უპირატესობა ისაა, რომ ის ივანიშვილის კლანის ძირითადი წევრია. ბერას პროდიუსერი ფარცხალაძის მძახალია. აბა, ფარცხალაძე მთავარი პროკურორის პოსტზე საიდან მოხვდა? მისი მძახალი „ჰაკიმ ფაშას“ – ღარიბაშვილის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს, რომელსაც სახლი ივანიშვილმა აჩუქა.

ანუ, ღარიბაშვილის მსგავსად, ფარცხალაძის მძახალი თქვენი მეზობელია?

– მხიარული სამეზობლო მყავს. თუ იანუკოვიჩის პოლიტიკას გავითვალისწინებთ, მან ყველაფერი ახმეტოვის ხელით გააკეთა, რომელიც შემდეგ „გადააგდეს“ და ფულების მომკრებად ენაკიევსი დასვა, რომელიც მოგვიანებით „გადააგდო“.

ბიძინა ივანიშვილის იმდენი გონიერება ეყოფა, რომ თქვენს მსგავსად, ბიზნესმენები არ დააწიოკოს და ხალხი ტერორში არ აცხოვროს…

– თქვენ ივანიშვილს გონიერება შეატყვეთ?

ადამიანს, რომელსაც 6 მილიარდი აქვს, ალბათ, გონებაც აქვს…

– სულ ამ აზრის საწინააღმდეგოს მტკიცება მიწევს. ნებისმიერი რუსი ოლიგარქი აიღეთ და თქვით, გონება რომელს აქვს?! ვანო ჩხარტიშვილს ტვინი აქვს? ჩხარტიშვილმა ფული საიდან იშოვა, იცით? – თავის დროზე, ნანული შევარდნაძემ მაღლაკელიძე როგორც საკუთარი შვილი ისე გაზარდა და მას ბანკი ანაბრებითურთ აჩუქა. მაღლაკელიძეს მეზობლურ-გურულურად სამი გურული მიეწეპა და მაღლაკელიძე მოიშორეს. სინდისის ძარღვი უნდა გაიწყვიტო და წინ წახვიდე. როგორ შეიძლება, რომ ივანიშვილს ტვინი ჰქონდეს?! მას გლუვი ტვინი აქვს და ჭორვილური ინსტიქტებით მოქმედებს.

თქვენ განსაკუთრებით ის ხომ არ გაღიზიანებთ, რომ „გლუვი ტვინით“ ივანიშვილმა ხელისუფლებას ჩამოგაშორათ?

– ხელისუფლებაში ცხრა წელი ვიყავით და ხალხს ყელში ვყავდით ამოსული. აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ვადით ვერც ერთმა რეფორმატორმა ხელისუფლებამ ვერ იარსება. ჩვენ მეორე ვადაც ამოვწურეთ და არაპოპულარობა შეცდომების გარეშეც გავლილი იყო.

იმას, რასაც თქვენ შეცდომებს უწოდებთ, იყო – შიში, ტერორი…

ეს ზუსტად შეცდომები იყო. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ბადრი პატარკაციშვილთან ბრძოლამ გამოგვფიტა, სადაც ჩართული იყო როგორც ქურდები, ასევე „ფე-ეს-ბე“. შეცდომებიც ამ პროცესმა დაგვაშვებინა. როცა საფრთხე აღარ იყო, მკაცრი პოლიტიკა ისევ დარჩა. ჩვენ დასუსტებული ვიყავით და ამ დროს ივანიშვილი ხალხს ყველაფერი შეპირდა, მათ შორის – „ოცნება“. სამწუხაროა, რომ ქვეყანა წლებს კარგავს, მაგრამ ჩვენი გუნდის გაწმენდისთვის და შეცდომების გაანალიზებისთვის 1-ელი ოქტომბერი სასარგებლო აღმოჩნდა. დავამტკიცეთ, რომ ძლიერი პოლიტიკური პარტია ვართ, რომელიც წინასვლას აგრძელებს და ბევრ რაღაცას სწავლობს.

თქვენს ცვლილებას ხალხი ირწმუნებს?

– დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ხმას მოგვცემს, რადგან ხედვა გვაქვს, ქვეყანა ამ ვითარებიდან როგორ გამოვიყვანოთ. შეცდომების გამეორებას არ ვაპირებთ. ხალხის ნაწილი თვლის, რომ ჩვენ ჭკვიანები, მაგრამ ბოროტები ვართ. თუკი ჭკვიანები ვართ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ იგივე შეცდომების გამეორებას არ ვაპირებთ. გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ და ივანიშვილს არჩევნების ფალსიფიცირებას არ ვურჩევდი.

წყარო
for.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.