გოგა ხაინდრავამ სიტყვა “დაუნი” სააკაშვილის მისამართით გამოიყენა

წყარო – ipress.ge

გოგა ხაინდრავა სააკაშვილზე: “მე დაუნების გამონათქვამებზე კომენტარს არ ვაკეთებ” 09:02 | 16 თებერვალი, 2016

“ეს არის რუსული პროპაგანდისტული რადიო „სპუტნიკის“ ფილიალი“ – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რეჟისორ გოგა ხაინდრავას რადიო „თანამგზავრზე“, რომელსაც ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გადასცა. ლიცენზიის თანახმად, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსებში“ მხოლოდ ერთი რადიო ტალღა იქნება ჩართული.

“ჩვენ გვქონდა ტელევიზია “პიკი”, რომელიც საშინლად უშლიდა პუტინს ნერვებს. 2012 წელს, არჩევნების შემდეგ არათუ ეს ტელევიზია დაიხურა ეგრევე, არამედ რადიო “სპუტნიკი” შეარჩიეს ჯერ, რომელიც იყო პირდაპირი რუსული პროპაგანდა, მერე ხალხი აღშფოთდა და გადაარქვეს და დაარქვეს “თანამგზავრი”, რომელიც გოგა ხაინდრავასია და ახლა აიძულებენ ყველა სამარშრუტო ტაქსმა გაუშვას რადიო “თანამგზავრი” , რომელიც რუსული რადიო “სპუტნიკის” ჩვეულებრივი ფილიალია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით რუსული პროპაგანდისტული იარაღია. მეტი რა ახსნები გინდათ, მეტი თავს ნუ მოვიტყუებთ…”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

“აიპრესი” მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გოგა ხაინდრავას დაუკავშირდა. თავდაპირველად, ბატონი ხაინდრავას ნომერზე მისმა თანამშემწემ, გვანცამ (გვარის დასახელება არ ისურვა) გვიპასუხა, რომელმაც გაგვიცხადა, რომ კითხვა ტექსტური შეტყობინების სახით მიგვეწერა. კითხვის მიწერის შემდეგ, “თუ რა პასუხს გასცემდა გოგა ხაინდრავა მიხეილ სააკაშვილს”, მივიღეთ შემდეგი შინაარსის პასუხი:

“მე დაუნების გამონათქვამებზე კომენტარს არ ვაკეთებ”.

მოწერილის შინაარსიდან და გამოყენებული ტერმინოლოგიიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვცადეთ გოგა ხაინდრავასთან დაკავშირება, თუმცა მისმა თანაშემწემ გვიპასუხა, რომ გოგა ხაინდრავა დაკავებული იყო და პირადად ვერ დაგველაპარაკებოდა.

კიდევ ერთხელ მივწერეთ გოგა ხაინდრავას ტექსტური შეტყობინება, რომლის შინაარსიც ასეთი გახლდათ:

“მე დაუნების გამონათქვამებზე კომენტარს არ ვაკეთებ” – ბატონო გოგა, ეს არის თქვენი კომენტარი? ჩვენ ამ თემაზე მასალას ვაკეთებთ და მაშინ ამ კომენტარს გამოვიყენებთ.

პასუხად კი მივიღეთ:

“თუ ქართული გესმით, მე მოგწერეთ, რომ კომენტარს არ ვაკეთებ, რას და როგორ გამოიყენებთ, თქვენი საქმეა…”

მიუხედავად იმისა, რომ ქართული გვესმის, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გვეცადა გოგა ხაინდრავასთან დაკავშირება და გვეკითხა მისთვის, აცნობიერებს თუ არა იმ ტერმინის მნიშვნელობას იმ კონტექსტში, რომელიც გამოიყენა. მის ტელეფონზე კვლავ თანაშემწემ გვიპასუხა.

ბატონ გოგასთან გვინდოდა დაკავშირება…

გოგა ახლა დაკავებულია და ვერ გიპასუხებთ

ბატონ გოგას ვთხოვეთ კომენატრი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. ბატონი გოგას პასუხი იყო „მე დაუნების გამონათვქმებზე კომენტარს არ ვაკეთებ“…

გვინდოდა ბატონი გოგასთვის კიდევ რამდენიმე კითხვა დაგვესვა, მაგრამ ვერ ვახერხებთ. ამითომ თქვენ დაგისვამთ.

“არა! მე გოგას მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ”.

ბატონ გოგას პასუხის შემდეგ მივწერეთ, „მე დაუნების გამონათვქმებზე კომენტარს არ ვაკეთებ , ბატონო გოგა, ეს არის თქვენი კომენტარი, ჩვენ ამ თემაზე მასალას ვაკეთებთ, გირეკვადით და არ მპასუხობდოთ. მაშინ ამ კომენტარს მასალაში გამოვიყენებთ“, ბატონმა გოგამ მოგვწერა ასეთი პასუხი: „თუ ქართული გესმით მე მოგწერეთ, რომ კომენტარს არ ვაკეთებ, როგორ გამოიყენებთ თქვენი არჩევანია“

რა ვქნათ, ბატონი გოგა კომენტარს არ აკეთებს

კიდევ გვაქვს ბატონ გოგასთან ლიცენზიასთან დაკავშირებით კითხვა.

მე გოგას მაგივრად პასუხს ვერაფერზე გაგცემთ. რაც შეეხება იმას, გასაგებად მოუწერია ბატონ გოგას თქვენთვის პასუხი, რომ კომენტარს არ აკეთებს და მეც შესაბამისად გიპასუხებთ, მე გოგას მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ.

მეორე დღეს, “აიპრესის” რედაქტორი დაუკავშირდა გოგა ხაინდრავას თანაშემწეს, რომელსაც თხოვა, ეკითხა ბატონი გოგასთვის, იცის თუ არა მან იმ ტერმინის მნიშვნელობა, რაც გამოიყენა, თუმცა თანაშემწის პასუხი მოკლე აღმოჩნდა:

“უნდა დაგემშვიდობოთ…”

კითხვაზე, ვინ წერს მესიჯებს გოგა ხაინდრავას ტელეფონიდან, თანაშემწე გვანცამ გვიპასუხა, რომ პასუხებს წერს გოგა ხაინდრავა.

“აიპრესის” კიდევ ერთ მესიჯზე ბატონო გოგა, გუშინდელი დღიდან ვცდილობდი თქვენთან დაკავშირებას. თქვენი კომენტარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პასუხად მოგვწერეთ, ასეთი იყო: “მე დაუნების განცხადებაზე კომენტარს არ ვაკეთებ”. მინდოდა მეკითხა, თქვენ მოგვწერეთ ეს თუ თქვენმა თანაშემწემ? სულ ეგ გოგონა გვპასუხობს და ვეღარ გავიგე… მესიჯებს ალბათ თქვენ წერთ…“ გოგა ხაინდრავას პასუხი ასეთი გახლდათ:

„კი, გადაღებები მაქვს და ზარებს ვერ ვპასუხობ, ვერავის… რა კომენტარი შეიძლება ბოდვაზე?“

“აიპრესი”: მაშინ, როგორც მოგვწერეთ, ისევე დავწერთ…

გოგა ხაინდრავა: თქვენი ნებაა…

პ.ს „აიპრესის“ რედაქცია ემიჯნება მსგავსი სახის დისკრიმინაციულ გამონათქვამებს და ცდილობს, არ მოახდინოს მათი ტირაჟირება. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ საქმე ეხება ადამიანს, რომელიც არის მედიასაშულების მფლობელი, საზოგადოების კარგად ცნობილი პერსონა, რეჟისორი და საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე.

Comments
Loading...